სატანისტური ამპარტავნებით შეპყრობილმა, პეტრედ წოდებულმა მეუფემ, 31 ოქტომბერს, “ჰელოუინის” დღეებში, წმ. სინოდის სხდომაზე “ჰელოუინის” მსგავსი “შაბაში” მოაწყო. “ნიუსფრონტი” შეეცადა, არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით მოკლე ანალიზი გაეკეთებინა:
მომხდარის შემთხვევითობა, ემოციებზე რაიმის მიწერა, აფექტი და მისთ. – გამორიცხულია. ეს იყო ტიპიური პროვოკაცია, რომელიც, საკმაო ხანია, მზადდებოდა. შემთხვევითი არ იყო ამ ფონზე ლიბერალური მასმედიის გააქტიურებაც, სასამართლოს მიერ დამნაშავედ აღიარებული “დეკანოზი მამალაძის” ციხიდან შემოთვლილი მუქარები, მათ შორის, მამათმავლობაში “მხილების” მუქარა გაურკვეველი მისამართით. “მეუფე” და “დეკანოზი ციანიდი” უნისონში მოქმედებენ. ეს დადასტურდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ყოყმანზე “დეკანოზის” ძმისა და ჩამოლაბორანტებული მეუფის იდენტური რეაქციებითაც.
საერთოდ, არ დასმულა კითხვა – რა აწუხებს ასე პეტრე ცაავას, რომ მან სკანდალი ააგორა. თუმცა რომც დაისვას ეს კითხვა, ცალსახა პასუხის გაცემა ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, ირიბი მინიშნებები არსებობს – პატრიარქის წინააღმდეგ კამპანია გაჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის თვითმარქვია “ეკლესიის” იერარქებს ჩვენმა ეკლესიამ ყური არ ათხოვა, ისევე, როგორც თბილისში არაერთხელ ჩამოსულ უკრაინელ თუ ამერიკელ ემისრებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონიკურ პოზიციებზე დარჩა და ფაქტობრივად ის პოზიცია დაიკავა, რომელიც მიუღებელია უკრაინის ერეტიკოსებისთვის, მათ უკან მდგომი კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომესა და ამ ბართლომეს უკან მდგომი ამერიკული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსათვის.
აუცილებელი არ არის, რომ პეტრე ცაავას გაცნობიერებული ჰქონდეს, თუ ვინ ამოძრავებს მას. თუმცა იგი თავის ამფსონებთან შედარებით უფრო ჭკვიანი და განათლებულია, მაგალითად, ბოდბელ მეუფე იაკობთან შედარებით, რომელსაც, მიუხედავად თავისი კონსერვატული შეხედულებებისა “გეებისა” და “გეი-პარადების” მიმართ, ორიოდე წლის წინ უეცრად “სიყვარულის ბუშტი” გაუსკდა ამერიკა-ევროპაზე და დასავლეთის მეხოტბედ და რუსეთის მაგინებლად მოგვევლინა. სამაგიეროდ, აღმოჩნდა, რომ მიუხედავად ამისა, მეუფე იაკობში უფრო ნაკლები ამპარტავნება ყოფილა ჩაბუდებული, ვინაიდან მასაც შეეძლო, პეტრე ცაავასთვის მხარი აება და ეკლესიაში კიდევ უფრო გაემძაფრებინა დაძაბულობა, თუმცა მან ნაწილობრივ მაინც აღიარა საკუთარი შეცდომები და გულწრფელი სინანული გამოხატა.
საინტერესოა ზოგიერთი სხვა ეპისკოპოსის პოზიცია, რომლებიც პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვას გაურბიან. პირველ ყოვლისა, ესაა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი. იგი, ისევე, როგორც კიდევ ორიოდე ეპისკოპოსი, არ ესწრებოდნენ სინოდის სხდომას. მეუფე გრიგოლმა თავისი არყოფნა არასაპატიო მიზეზით დაასაბუთა – „ჩვენ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი გვყავს სტუმრად ახალი საქართველოს უნივერსიტეტში. ეს ღონისძიება დაგეგმილი იყო წლის დასაწყისიდან, იანვრიდან. ხვალ მიემგზავრება ჩვენი სტუმარი და შეუძლებელი იყო ჩემი მხრიდან დატოვება. თუმცა, ჩემი არყოფნა ვფიქრობ, მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს სინოდის გადაწყვეტილებებზე, რაც მსჯელობის საგანი იქნება და მიიღება საბოლოო ჯამში“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
გამოდის, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქო (რომლის მიმართ მართლმადიდებელი სამყაროს მესვეურებს სერიოზული კითხვები აქვთ) მეუფე გრიგოლისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქართული ეკლესიის სინოდის საგანგებო სხდომა, რომელიც საჭირბოროტო საკითხს მიეძღვნა. რა თქმა უნდა, გრიგოლ ბერბიჭაშვილი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა თბილისში ჩატარებული სინოდის სხდომაზე და საქმეც სწორედ ეს არის – რადიკალური პროდასავლური პოლიტიკური შეხედულებებით (მართლმადიდებელი სასულიერო იერარქისთვის შეუფერებლით!) ცნობილი მეუფე, ასე ვთქვათ, “თავს ხომ არ ინახავს”? პეტრე ცაავა ერთგვარ ტარანად იქნა გამოყენებული, რომელმაც თავისი თანამდებობა გაწირა ეკლესიის შიგნიდან ვითარების ასარევად და რომელსაც უცილობელი სასჯელი დაედებოდა. მეუფე გრიგოლი ამ დროს ჩრდილში რჩება – მის გამოჩენას და პეტრე ცაავასადმი მხარდაჭერის გამოხატვას აზრი არ აქვს, პირიქით, მეუფე გრიგოლიც გაირიცხება სინოდიდან. ამიტომ, ბევრად უფრო გონივრული გადაწყვეტილებაა პატრიარქის ოპოზიციისათვის, რომ ისინი ძალებს იზოგავენ.
დანარჩენი მეუფეები, რომლებიც მეუფე გრიგოლის მსგავსად, არ დაესწრნენ სინოდის სხდომას, ასევე თავიანთი “პროუკრაინული” და “პროდასავლური” სიმპათიებით არიან ცნობილნი, თუმცა ასეთები სინოდის სხდომაზეც იყვნენ.
რელიგიისა და საეკლესიო საკითხების ერთ-ერთმა საუკეთესო მცოდნე ჟურნალისტმა საქართველოში, დავით ახვლედიანმა, თავის პირად ფეისბუკ-გვერდზე 4 ნოემბერს გამოაქვეყნა მეტად შემაშფოთებელი მოსაზრება:
“1 წლის განმავლობაში “აფხაზური მიტროპოლიის” მსგავსად, კონსტანტინოპოლი საქართველოში შექმნის კიდევ ერთ კერას – დასავლეთ საქართველოს ეგზარქატს (სათავეში ვინ იქნება ალბათ ხვდებით). გინდ ბეწვის ხიდზე სიარული ეწოდოს და გინდ შეყოლა”. მიგვაჩნია, რომ ეს სავსებით რეალური საფრთხეა იმის გათვალისწინებით, რომ უკვე გაჩნდა ჭორები, თითქოს პეტრე ცაავას კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში უხმობენ. ყოფილმა პეტრემ ეს ინფორმაცია უარჰყო და მას ჭორი უწოდა, თუმცა საქმე შემდეგშია:
პეტრე ცაავას ჯერ კიდევ ოფიციალურად “მეუფის” ტიტული შენარჩუნებული აქვს, იგი არ არის ეკლესიიდან განკვეთილი, არამედ მას მღვდელმთავრობა და მღვდელმსახურება აქვს შეჩერებული, ადევს საეკლესიო სასჯელი, თუმცა რჩება ეკლესიის წევრად. ცაავამ დღეს განაცხადა, რომ თავისი პერსონის ეკლესიიდან განკვეთას წმ. სინოდის მიერ არ გამორიცხავს. ამასთან დაკავშირებით, დავით ახვლედიანი კიდევ ერთ ნიშანდობლივ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ, იმაზე, რომ პეტრეს თავად აწყობს განკვეთა, უფლებამოსილებების შეჩერების ნაცვლად – მას “კონსტანტინოპოლისადმი აპელაციისთვის ფანტასტიკური შესაძლებლობა მიეცემა” . ეს არ იქნება კანონიკური ქმედება ბართოლომეოსის მხრიდან, მაგრამ ამის პრეცედენტი მან უკვე დაუშვა, როდესაც ეკლესიიდან განკვეთილ უკრაინელ “ფილარეტსაც აღუდგინა, მალეტიჩსაც აღუდგინა და განკვეთილის მიერ “ნაკურთხი” ერისკაცი ეპიფანი მიტროპოლიტი გახადა უცებ” – წერს დავით ახვლედიანი.
როგორც ჩანს, აშშ-ბართლომეოსის ხრიკები და უკრაინის ეკლესიის ფსევდო-ავტოკეფალია ქართულ ეკლესიას კიდევ დიდ ხანს გაჰყვება უდიდეს პრობლემად.