“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) კვლევის მიხედვით, 2018 წელს, თბილისის მერიაში თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო გაიზარდა. კვლევის თანახმად, დედაქალაქის საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება 2018 წელს 461 ათასი ლარით გაიზარდა, ხოლო საშტატო თანამშრომელთა ანაზღაურება 171 ათასი ლარით შემცირდა.
“შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა მერიაში გაზრდილია, ასევე, მათი ანაზღაურებაც გაზრდილია 3,4 მილიონით, თუმცა ამის პარალელურად, შტატიანი თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურება შემცირებულია. 2016 წელს ჩავატარეთ მსგავსი კვლევა და იქ, ამ ნაწილში ზუსტად ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ტენდენცია იყო და ძალიან კარგი იყო, რა თქმა უნდა. ახლა ვხედავთ, რომ ისევ ზრდის ტენდენცია გვაქვს,”- აღნიშნა ანალიტიკოსმა მარიამ გოგიაშვილმა.
წინამდებარე კვლევის ფარგლებში, IDFI-მ შეისწავლა 2017 და 2018 წლების მონაცემები, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გარდა ასევე ფარავს თბილისის მერიის და საკრებულოს თანამშრომელთა მივლინებების, საწვავის მოხმარების და სარეკლამო ხარჯებს. კვლევა ეფუძნება თბილისის მერიიდან და საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციას.