გოგი ლორთქიფანიძე: “რუსოფობია შხამია!”

არაა აუცილებელი იყო რუსოფილი, რომ მიხვდე – რუსოფობია არის დაავადება, რომელსაც ღრმა და გრძელი ფესვები აქვს, თუმცა ამის გამო ის ”ცხოვრების დღესასწაულად” ვერ გვექცევა. ესაა დაავადება, რომლის მძიმე ფორმის პირდაპირი შედეგი ჩვეულებრივ დემენციასა და ტვინის ნაადრევ დარბილებაში ვლინდება.

სურათზე: გოგი ლორთქიფანიძე (იური მეჩითოვის ფოტო)

რუსოფობია ასევე შეიძლება შეადარო შხამს, რომელიც მცირე დოზებში კიდევ ასატანია, თუმცა ნელ-ნელა შეუქცევადად წამლავს ორგანიზმს და ისევ და ისევ ტვინის დარბილებას იწვევს.

რუსოფობია განსაზღვრავს დღეს ქართული პოლიტიკური დღის წესრიგს, ქმნის და ანგრევს სამთავრობო თუ საარჩევნო კოალიციებს, ზრდის ახალგაზრდა ”ნაცებს” და რყვნის არცთუ ახალგაზრდა ”მედასავლეთე ქოცებს”, ცდილობს დაავიწყოს ქართველ ხალხს ნაცისტური რეჟიმის ნამოქმედარი, შეარიგოს ის სააკაშვილთან, დააბრუნოს ის ოფიციალურ პოლიტიკაში – პირდაპირ თუ ანასხლეტების სახით. იმავდროულად სტანდარტულ “მიშისტს” ნაკლებად აინტერესებს სააკაშვილის რეალური დამოკიდებულება რუსეთის მმართველი წრეების მიმართ, მთავარი ხომ მის ბაგედან ამოსული ყოველდღიური ანტირუსული რიტორიკაა!

საზოგადოების ლატენტური რუსოფობია რომ არა, სააკაშვილს და მის სექტას ხელისუფლებაში დაბრუნების არც ერთი შანსი არ ექნებოდა! მაგრამ რუსოფობიაზე აღმოცენებულმა ”კოჰაბიტაციამ” დროებით წაგვართვა შანსი გაგვეშვა ”ნაცმო” პარლამენტიდან პოლიტიკურ სანაგვეზე არჩევნების გზით. ახლა კი ისინი დაბრუნებით გვემუქრებიან – გაუჩნდათ საფუძველი და იმიტომ! მერე რა თუ ზოგიერთმა მათგანმა თავს ამაყად “ევრონაცი” უწოდა?

რაც შეეხება საგარეოპოლიტიკურ ორიენტაციას: ნუ გაგვიხურეთ! (სხვა სიტყვაც შემეძლო დამეწერა). ნუ გაულაყეთ ხალხს ტვინი თქვენი ვითომდა “პატრიოტული” დასავლური ვოიაჟებითა და “ლჯბტ” თემით! ვიცით, რაც ხართ სინამდვილეში! ნუ გადაგვაყოლეთ თქვენს ძვირადღირებულ დემაგოგიას – დღემდე მას ვურიგდებოდით მხოლოდ თქვენი ”პაკაზუხური” ანტიმიშიზმისა და ანტინაციზმის გამო, მაგრამ ესეც ტყუილი აღმოჩნდა! ბოლო-ბოლო, გამართეთ წესიერი რეფერენდუმი “ნატოს” თაობაზე და ხალხმა თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი! ”ნაცების” გაყალბებული არჩევნების დროს ჩატარებული რეფერენდუმი არ ითვლება და თქვენ შესანიშნავად იცით ამის შესახებ. ამიტომ, განმეორებითი რეფერენდუმის გამართვის გარეშე, თქვენ არ გაქვთ ქართველი ხალხის ნებისადმი აპელირების არანაირი უფლება !

P.S. რაც შეეხება ჯარს: არავის არ შეგვაქვს ეჭვი იმაში, რომ ეფექტიანი არმია ქვეყანას მართლაც სჭირდება და მეტიც: ის უნდა გაძლიერდეს, უკეთ აღიჭურვოს და ჯარისკაცს პატივი უნდა ვცეთ. ასევე უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ძალით კავკასიაში ვერც ერთი პრობლემა ვერ გადაიჭრება და ქართულ ჯარს ჯერჯერობით ძალუძს მხოლოდ რომელიმე ”უფროსი ძმის” პოლიტიკური თუ პოლიციური დაკვეთების შესრულება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. იგივე ეხება სომხეთის და აზერბაიჯანის სამხედრო ძალებსაც, სადაც შესაძლოა სხვა ”უფროსი ძმები” გამოჩნდნენ (ნუ, კიდევ შეუძლიათ ხოცონ ერთმანეთი, თუმცა სჯობს კარგად შეიგნონ, რომ ამით მხოლოდ საკუთარ ხალხებს აზარალებენ). მთავარი მიზანი კი მაინც კავკასიაში ღირსეული მშვიდობის შენარჩუნება უნდა იყოს.

გ.ლ.

P.S. “საბჭოთაფობია” კიდევ ცალკე და უმდიდრესი თემაა…

გოგი ლორთქიფანიძე,

facebook