ცრუ დასმენების მორიგი მსხვერპლი – ნიკოლოზ საბაშვილი პოლიციას მიმართავს

თოჯინების სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელს,ნიკოლოზ საბაშვილს უცნობი პირები, სოციალურად დაუცველი ბავშვების გარყვნაში სდებენ ბრალს.

ნიკოლოზ საბაშვილმა  სოციალურ ქსელში მისი მისამართით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პოლიციას მიმართა.  მისი თქმით, უცნობი ადამიანები facebook-ის სხვადასხვა გვერდებზე მის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ და მას სოციალურად დაუცველი ბავშვების გარყვნაში სდებენ ბრალს.

“რამდენიმე დღეა, როგორც აღმოჩნდა, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩემს მიმართ ამა თუ იმ ინფორმაციის გავრცელება. ხან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მე ვიყავი 8 აგვისტოს, ომის დროს რუსეთის აგენტი, ახლა ვრცელდება, რომ მე არაბებს ვამარაგებ არასრულწლოვანი ბავშვებით. ვთხოვ სახელმწიფოს, იზრუნოს ამაზე, რომ ეს ფაქტი დროულად გამოიძიოს,” – აცხადებს ნიკოლოზ საბაშვილი.

შსს-მ თოჯინების სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელის მისამართით გავრცელებულ ბრალდებებზე გამოძიება 373-ე მუხლით დაიწყო, რაც ცრუ დასმენას გულისხმობს.