უკრაინამ, საქართველოს მთავარი პროკურატურისგან საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და ექსტრადირებაზე მოთხოვნა მიიღო. ამის შესახებ ევროპული ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სერგეი პეტუხოვმა განაცხადა.
სერგეი პეტუხოვის განცხადებით, უკრაინამ მოთხოვნა მიიღო მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე, დაკავებასა და ექსტრადირებაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა გამოგზავნილია უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურაში.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქართული მხარისგან გარანტიები მიიღო, რომ სააკაშვილი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ დანაშაულზე, რომელიც ექსტრადირების მოთხოვნაში ჩამოთვლილი არ არის. ასევე უკრაინის თანხმობის გარეშე ის არ იქნება გადაცემული მესამე სახელმწიფოსთვის და მასთან მიმართებაში დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები.
საქართველოს პროკურატურის განმარტებით, უკრაინულ მხარეს სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნით 1-ელ სექტემბერს მიმართეს. სააკაშვილი საქართველოში ბრალდებულია სისხლის სამართლის ოთხ საქმეში, კერძოდ:
1. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (ალექსანდრე გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალების საქმე);
2. 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (ე.წ. „7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმე);
3. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; ასევე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის (სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმე);
4. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (8 837 461 ლარის) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების საქმე)..