28 დაკავებული, 13- კი დაშავებული – გუშინდელი პროტესტის შედეგები

დაძაბულობისა და  შეტაკებების ფონზე ჩაიარა გუშინ კინოპრემიერამ, “და ჩვენ ვიცეკვეთ”. თბილისსა და ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის გუშინ 27 პირი დააკავა. დაკავებულების რაოდენობა შესაძლოა გაიზრდოს, რადგან უწყების ძალოვანი ცნობით, პოლიცია დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

“8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, 6 კინოთეატრში დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებული დროის შესაბამისად გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, თბილისსა და ბათუმში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 – თბილისში, 3 – ბათუმში.

სამართალდამცველები აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. კანონდამრღვევი პირების დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება,”- ნათქვამია განცხადებაში.

გომელაურის უწყებაში ამბობენ, რომ “როგორც 8 ნოემბერს, ასევე, მომდევნო დღეებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას”.

აქციის მიმდინარეობის დროს დაზიანდა პოლიციის ავტომობილიც, აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

კინო ამირანთან დაშავდნენ პოლიციელებიც, მათ დახმარება საავადმყოფოში აღმოუჩინეს, რაც შეეხება პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო.