გუშინ განვითარებულ მოვლენებს ზედმეტი დრო და ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინდელ პროტესტს, რაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოთეატრებში ჩვენებას მოჰყვა. თალაკვაძის თქმით, ყველას აქვს უფლება ხელოვნებაში საკუთარი თავი სურვილისამებრ გამოხატოს.
პარლამენტის თავმჯდომარემ შსს-სა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, გუშინ სამართალდამცველებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა შეძლეს.
„ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი თავი ხელოვნებაში გამოხატოს ისე, როგორც ამას თვლის საჭიროდ. მინდა მადლობა ვუთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენს პოლიციელებს, რომლებმაც დაძაბულობის მიუხედავად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ძალადობის პრევენცია შეძლეს. იმ ერთეულ ფაქტებზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ძალადობას მიმართეს, რეაგირება იყო მყისიერი.
ვფიქრობ, დღეს უფრო მეტად მომავალზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. საქართველოს სჭირდება სიმშვიდე, კანონის უზენაესობა და მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური დღის წესრიგი გავატაროთ. ასეთ მოვლენებს, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, ზედმეტი დრო და ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს და სახელმწიფო ამას გააკეთეს,”- განაცხადა თალაკვაძემ.