სახელმწიფო ქონების თაღლითური გზით დაუფლება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება – ამ ბრალდებით ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის 3 მოქმედი და ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს.
დაკავებულებს შორის ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულიაა, რომელიც ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 6 მუხლით მიმდინარეობს.
ოფიციალური ინფორმაციით, საქმე ეხება 2015 და 2017 წლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმებულ 2 ხელშეკრულებას, რომელიც ფოთში, მალთაყვის უბანში, სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელები დოკუმენტებში შესრულებული სამუშაოების მოცულობებს აყალბებდნენ.
საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია ბრალს არ აღიარებს. რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ, ირაკლი კაკულია და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი მაღალჩინოსანი ნიკოლოზ გრიგოლია ფოთის საგამოძიებო სამსახურის შენობიდან ფოთის პოლიციაში გადაიყვანეს.
ირაკლი კაკულიას დაკავებაზე საკრებულოს დეპუტატები არ საუბრობენ. ამბობენ, რომ ინფორმაციას არ ფლობენ და ფაქტის შესახებ მედიისგან გაიგეს.
საკრებულოს ერთადერთი წევრი, რომელმაც საკითხზე შედარებით ვრცელი განმარტება გააკეთა, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატია. ის სისტემურ პრობლემებზე მიანიშნებს.
დაახლოებით ერთი თვის წინ “კურიერის” მაყურებელმა მალთაყვის სანაპირო ზოლის დაუსრულებელი რეაბილიტაციის შესახებ მომზადებული სიუჟეტი ნახა. ტერიტორია, რომლის რეაბილიტაციაში ფოთის მერიამ 4 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, კვლავ რეაბილიტაციას საჭიროებს.
დასკვნა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიდო, მაგრამ ადგილზე ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. “კურიერთან” ჩატარებული სამუშაოების უხარისხობა ფოთის მერმა დაადასტურა. გოჩა კურდღელია “რუსთავი 2-თან” ჯერ კიდევ ერთ თვის წინ ყვებოდა, რომ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს.
მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის პროექტი ირაკლი კაკულიას მერობის პერიოდს უკავშირდება. ერთი თვის წინ, როდესაც კაკულია ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, “კურიერმა” სცადა მასთან დაკავშირება, თუმცა ყოფილმა მერმა კამერებთან გამოჩენა არ ისურვა.
ფოთის ყოფილი მერის და საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარის და მასთან ერთად დაკავებული 3 პირის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 6 მუხლით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეს დანაშაული 11-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და უახლოეს პერიოდში სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.
უკვე ცნობილია ის ფაქტიც, რომ მალთაყვის რეაბილიტაციისთვის ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ “პირამიდა-ფ.რ.”-ს მერიისთვის სხვებზე დაბალი ფასი არ შეუთავაზებია, გამარჯვებული მაინც ის გახდა. “პირამიდის” სახელს უკავშირდება მალთაყვის პარალელურად ოზურგეთში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტი, სადაც ქრთამის აღების ფაქტზე საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დააკავეს.