ბერლინის კედლის დანგრევის 30-ე წლისთავზე, როდესაც აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიებს შორის მოიშალა საზღვარი და დასავლეთ გერმანიამ აღმოსავლეთი მალევე შეიერთა, ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბრანდენბურგის ჭიშკართან შეკრებილ მოქალაქეებს მეტად საინტერესო სიტყვებით მიმართა:
პრეზიდენტის თქმით, დაინგრა მატერიალური კედელი, მაგრამ გასულ წლებში, მთელ ქვეყანაში, აღიმართა ახალი კედლები: “იმედგაცრუების, მრისხანებისა და სიძულვილის, გაოგნებისა და გაუცხოების კედლები”. პრეზიდენტმა ხალხს ამ კედლების დანგრევისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტს სურს, რომ მოქალაქეებმა “მეტი სიმამაცე, მეტი იმედი და თვითდაჯერება გამოავლინონ”, როგორიც მათ ჰქონდათ ბერლინის კედლის დანგრევის ისტორიულ დღეებში. ეს სიტყვები პრეზიდენტს შემთხვევით არ უთქვამს, რადგან წარსული ოპტიმიზმისაგან გერმანელებში, ისევე, როგორც ევროპის უდიდეს ნაწილში, კვალიც კი არ დარჩა.
შტაინმაიერმა მადლობა გადაუხადა საბჭოთა კავშირის მაშინდელ ლიდერ მიხეილ გორბაჩოვს, რომლის “განტვირთვის” პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი ორი გერმანიის გაერთიანება, ისევე, როგორც ამერიკის იმჟამინდელ ლიდერს რონალდ რეიგანს, რომელიც, შტაინმაიერის თქმით, “დასავლეთის ძლიერ ხელს” წარმოადგენდა.
“ჩვენ გვინდა, კვლავ ვიხილოთ ასეთი ამერიკა, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე და ეროვნული ეგოიზმის გარეშე” – ბერლინიდან მიმართა გერმანიის პრეზიდენტმა შტაინმაიერმა აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რითაც დამსწრეთა მქუხარე ტაში გამოიწვია.