ყოფილი პარლამენტარი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა, რომელიც თავის დროზე ერაყის ტერიტორიაზე მუშაობდა ამერიკულ სტრუქტურებში და ამერიკის პოლიტოლოგიურ წრეებთან კარგი კავშირები აქვს, თავის ფეისბუკ-გვერდზე გამოეხმაურა ამერიკელი ჟურნალისტის, ტომ როგანისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ ჩუგოშვილის პოლემიკას. ირაკლი გოგავას შეფასებას უცვლელად გთავაზობთ:
“შარშან უკრაინაში ვიმუშავე ამერიკულ ორგანიზაციაში. იქ მრავალი ამერიკელი პოლიტიკოსი, ექსპერტი, პოლიტიკური ტექნოლოგი, სამხედრო, ჟურნალისტი, ჩინოვნიკი, ბიზნესმენი ჩამოდიოდა და ბევრ მათგანს შევხვდი, ხშირად არაფორმალურ გარემოში. ჩემს გაოცებას იწვევდა ის, რომ უმეტესობა მათგანი დაახლოებით იგივე აზრის იყო, რაც ბატონი ტომ როგანი. ეს კი ის ხალხია, ვინ ჩვენს რეგიონთან მუშაობს და ვაშინგტონის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში განწყობებს და აზრს ქმნის.
დღეს “ოცნების” იმიჯი აშშ-ში უფრო ნეგატიურია ვიდრე პოზიტიური, იმ დროს, როცა თავად საქართველოს იმიჯი ცალსახად პოზიტიურია. ზოგიერთი უარყოფითი კლიშე, რომელიც ამერიკულ ისტებლიშმენტს ჩამოუყალიბდა, მთლად მართებული არ არის, სხვა ძალების ნამუშევარია და სწორედ ეს იწვევს გაოცებას. აშკარად ჩანს, რომ “ოცნების” დიპლომატიის ამერიკის მიმართულებამ ვერ იმუშავა ისე ეფექტურად, როგორც სხვა ოპენენტებმა. მიდგომაა არასწორი, პარტნიორებია არასწორი, მასშტაბია არასწორი, გზავნილებია არასწორი. რუსეთის მცოცავი ოკუპაციის მოგერიების პროცესში, რუსეთის მხრიდან საჰაერო ბლოკადის ფონზე “მოსკოვის მიმართ კეთილგანწყობილის” იმიჯის მოპოვებას ვაშინგტონში სერიოზული მონდომება სჭირდება. გასაგებია, რომ ეს ამჯერად მხოლოდ ერთი ჟურნალისტის აზრია, თუმცა ვიცი, რას ფიქრობენ სხვები და ის სხვებიც აჰყვებიან ტომ როგანის დაწყებულ საქმეს – ეს მხოლოდ დროის საკითხია. ანაკლიის თემას რომ აშშ-ში ინფორმაციულად წააგებ, სადაც ცამდე მართალი ხარ – უკვე განგაშის ზარი უნდა შემოკრა… და კიდევ ერთი: პოლიტიკაში არის დაუწერელი კანონი: ჟურნალისტს დებატებში არ უნდა შეჰყვე თუ დალაი ლამა, ტრამპი ან რომის პაპი არ ხარ” – წერს ირაკლი გოგავა.
“ნიუსფრონტის” რედაქციის კონსლიდირებული აზრია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ამერიკაში “ლობიზმის” ნაცვლად, ის გროშები, რაც ბიუჯეტს აქვს, საქართველოში უნდა ხარჯოს, ხალხის სასარგებლოდ.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი: გონიერი ხელისუფლება ამ ფონზე ჩამოიშორებდა ამერიკულ ბალასტს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს განახორციელებდა, რუსეთთან დაახლოების თუ არა, გონივრული დიალოგის გაღრმავების გზით, რათა არც “მცოცავი ოკუპაცია” იყოს თემა და არც საჰაერო “ბლოკადა”. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება როგანების და სხვა მეორეხარისხოვანი ამერიკელების აზრს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს (რასაც გავლენიანი სახელისუფლებო დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის როგანთან დისკუსიაში შესვლა მოწმობს), ვიდრე საკუთარი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრს, რომელიც ცალსახაა – რუსეთთან ურთიერთობები უნდა დალაგდეს!