“ქართული მარშის” ლიდერი, საპროტესტო აქციების ორგანიზატორი, სანდრო ბრეგაძე მნიშვნელოვან იურიდიულ ნაბიჯს აანონსებს “გეი”-ფილმის რეჟისორის, ლევან აკინის წინააღმდეგ. “ალიაზე” დაყრდნობით უცვლელად გთავაზობთ ბრეგაძის განცხადებას:
“დღეს ან ხვალ პროკურატურაში შევა სარჩელი, რომლის მიხედვითაც, ფილმში მონაწილე ბავშვების მშობლები მოითხოვენ საქმის აღძვრას რეჟისორ ლევან აკინის და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემქმნელების მიმართ.
დამიკავშირდნენ არასრულწლოვნების მშობლები. ზაფხულში ლევან აკინმა პატარა ბავშვები მოტყუებით წაიყვანა ქალაქგარეთ და გადაიღო ისინი გარკვეულ სცენებში, რომლებიც არის ამ ფილმში გამოყენებული. ბავშვები მოატყუა, რომ ის იღებდა რაღაც საბავშვო ფილმს ქართულ ცეკვაზე და ამის შემდეგ ეს ბავშვები გამოიყენა თავის პროპაგანდისტულ ფილმში. ეს მშობლები მზად არიან, პროკურატურაში შეიტანონ სარჩელი, უჩივლონ მას. ეს არის ბავშვთა უფლებების დარღვევა, რის გამოც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება აუცილებლად ლევან აკინს და ფილმის მესვეურები ალბათ დაპატიმრებულები იქნებიან. დღეს მელაპარაკა ერთი მშობელი, მაგრამ მან როგორც მითხრა, ეს ეხება ხუთ-ექვს ბავშვს, კადრებიც გამომიგზავნა, სადაც მისი შვილია გადაღებული“, – განაცხადა ბრეგაძემ.