პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობა სიცრუეა – “გუგლის” პრაქტიკა

კორპორაცია Google-მა აშშ-ის ჯანდაცვის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია Ascension-თან ​ ერთად საიდუმლო პროექტი აამოქმედა. ამის შესახებ The Wallstreet Journal-ი წერს.

პროგრამა „პროექტი ნაითინგეილი“ ქვეყნის 21 შტატში მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობისა და მკურნალობის შესახებ პერსონალური მონაცემების შეგროვებას ითვალისწინებს. მისი ერთ-ერთი მიზანი სამედიცინო საძიებო სისტემის და ხელოვნური ინტელექტის შექმნაა, რომელიც პაციენტებს მკურნალობის უფრო ზუსტ პროგრამებს შესთავაზებს. საბოლოოდ კი, პროექტის ბაზაზე უნივერსალური საძიებო სისტემა შეიქმნება, რომელიც პაციენტების შესახებ მონაცემებს ერთ ადგილას მოუყრის თავს.

პროექტი 2600 სამედიცინო დაწესებულებაში ხორციელდება. კომპანიები პაციენტების სახელებს, გვარებს, დაბადების თარიღებს, დიაგნოზებს, ლაბორატორიული კვლევების შედეგებს, ავადმყოფობის სრულ ისტორიებს აგროვებს. ამასთან, ამის შესახებ არც პაციენტებმა და არც მათმა მკურნალმა ექიმებმა იციან.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მიდგომა ეთიკის ნორმებს არღვევს. თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს პრაქტიკა 1996 წელს მიღებულ კანონს არ ეწინააღმდეგება, რომელიც საავადმყოფოებს საქმიანი პარტნიორებისთვის სამედიცინო მონაცემების გაზიარების უფლებას პაციენტების ინფორმირებულობის გარეშე აძლევს – იმ პირობით, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ დაზღვეული ორგანიზაციის მიერ თავისი ფუნქციების შესრულებისთვის გამოიყენება.

„პროექტ ნაითინგეილის“ უშუალო შემსრულებელი Google-ის ქვედანაყოფი Google Cloud-ია.

იმედი