ბრეგაძის ქმედებებზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ომბუდსმენის მოადგილე კომენტარს აკეთებს

ქართული მარშის”  ლიდერის, სანდრო ბრეგაძის ქმედებებსა და შს სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყებაზე პირველი კომენტარი სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ გააკეთა.

ომბუდსმენის მოადგილე ამბობს, რომ სანდრო ბრეგაძის მიერ განხორციელებული ქმედებები მხოლოდ სახალხო დამცველის საქმიანობაზე ხელის შეშლა არ ყოფილა. გიორგი ბურჯანაძე განმარტავს, რომ ბრეგაძემ გუშინ არაერთი მუქარისშემცველი განცხადება გააკეთა.

სახალხო დამცველის აპარატში იმედოვნებენ, რომ გამოძიება ეფექტური იქნება.

“გარკვეული მუქარა იყო გამოთქმული მისი ოჯახისა და საქმიანობის მიმართ, რაც ბუნებრივია შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მოხარული ვართ რომ შსს გამოძიება დაიწყო. იმედს ვიტოვებთ, რომ ეფექტური გამოძიება ჩატარდება,” – განაცხადა გიორგი ბურძანაძემ.

სანდრო ბრეგაძის ქმედებებზე გამოძიება დაიწყო. საუბარია 352 მუხლზე, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს.

“ქართული მარშის” ლიდერმა მომხრეებთან ერთად ომბუდსმენის ოფისში შეჭრა სცადა, თუმცა ის შენობიდან სამართალდამცველებმა გამოიყვანეს. ბრეგაძე ნინო ლომჯარიასგან მოითხოვს შეისწავლოს ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” მონაწილე ბავშვების საკითხი, წინაღმდეგ შემთხვევაში ის მასშტაბურ აქციებს აანონსებს.