სამშვიდობო და მომრიგებლური მისიებით ცნობილი ყაზახეთი და ამ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, რომელმაც სული შთაბერა ყაზახეთის წარმატებებს საერთაშორისო დონეზე, ახალი ინიციატივით გამოდის.
კერძოდ, ნაზარბაევი მოუწოდებს ყველა მხარეს, შედგეს სრულფასოვანი დიალოგი ორ უზარმაზარ ეკონომიკურ სივრცეს შორის – ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს. მისი აზრით, აუცილებელია ეკონომიკური კომისიების რეგულარული სხდომები და შეხვედრები.
“დღევანდელმა პოლიტიკურმა უთანხმოებებმა ერთმანეთისგან არ უნდა გაგვაცალკევონ” – დარწმუნებულია ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი. მან ასევე აღნიშნა, რომ უკვე ბევრი ქვეყანა მოითხოვს, შეწყდეს კონფრონტაცია ევროპასა და რუსეთს შორის, რადგან დაპირისპირება ზიანის მომტანია, თანამშრომლობა კი ყველა მხარეს სიკეთეს მოუტანს.
ეს ინიციატივა ნაზარბაევმა “ასტანა კლუბის” პლენარულ სხდომაზე გააჟღერა, თავისი “დიდი ევრაზიის” კონცეფციის ფარგლებში. ამ სხდომას საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა, რომელიც ამჟამად “ასტანა კლუბის” საკონსულტაციო საბჭოს წევრია.