ვინ მოკლა ასე სადისტურად 36 წლის ნოდარ ცხადაძე?!

ამ დრომდე უცნობია, ვინ და რატომ მოკლა 36 წლის ნოდარ ცხადაძე. მისი ცხედარი გუშინ გვიან ღამით, ექსპერტიზიდან სახლში მიასვენეს.

“ნოდარი მხიარული, ენერგიული და მშრომელი ბიჭი იყო. აქ მასზე ცუდს ვერავინ გეტყვით. ვინ გაიმეტა ასეთი სადისტური მკვლელობისთვის, ამბობენ, რომ ბიჭის სხეულიდან 8 ტყვია ამოიღეს. ყველგან ეძებდნენ ეს დღეები, იციან რომ მეგობარ კვიციანთან ერთად იყო, მაგრამ მერე რა მოხდა, არავინ იცის. დაურეკეს ოჯახის წევრებს, რომ ცხედარი იყო ნაპოვნი. დაიბარეს პოლიციაში და მერე

ამოსაცნობად წაიყვანეს. განადგურებულები არიან და ჩვენც, მეზობლები განვიცდით მომხდარს. ძალიან კარგი, მშრომელი ოჯახი აქვთ. იმედია, ყველაფერი გაირკვევა, დამნაშავეც დაისჯება, მაგრამ ეს რას უშველის ნოდარს და მის გამწარებულ ოჯახს”, – გვითხრა ცხადაძეების მეზობელმა.
იმ საბედისწერო დღეს ნოდარ ცხადაძე სახლიდან ჩვეულებრივ სამსახურში წავიდა. მას ისანში მდებარე მანქანების ავტობაზრობაზე მაღაზია ჰქონდა და იქ ავტონაწილებს წლებია ყიდის. იქ მომუშავე ადამიანები ამბობენ, რომ მაღაზიაში არანაირი ჩხუბის ხმა არ გაუგიათ და არც ის იციან, ვისთან ერთად წავიდა ნოდარ ცხადაძე. ერთი ვერსიით, ნოდარს სამსახურში მისმა მეგობარმა და შვილის ნათლიამ, ბექა კვიციანმა მიაკითხა და ისინი ისნიდან ერთად წავიდნენ. ამის შემდეგ იკარგება მათი კვალი და ოჯახები ორივეს 2 დღე-ღამის განმავლობაში ეძებდნენ.
სამართალდამცავებმა 12 ნოემბერს ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკლული იპოვეს.
ამ დრომდე ეძებენ ბექა კვიციანს, თუმცა ჯერჯერობით მის კვალს ვერსად მიაგნეს. მოკლულის ახლობლები ამბობენ, რომ მეგობრებს შორის კარგი ურთიერთობა იყო, მათ შორის არსებულ კონფლიქტზე მათ არაფერი იციან, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ რომ მკვლელობა ბექა კვიციანს ჩაედენა ან ამ დანაშაულში იყოს გარეული.
რა მოხდა რეალურად და რას შეეწირა 36 წლის ბიჭის სიცოცხლე, ეს ძალოვნებმა უნდა გაარკვიონ. დანაშაულის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
როგორც ირკვევა, ნოდარი სადისტურად არის მოკლული, მას ცეცხლსასროლი იარაღით სხეულზე 14 ჭრილობა აქვს მიყენებული. ექსპერტებმა მისი სხეულიდან 8 ტყვია ამოიღეს და გაირკვევა, რა იარაღიდან გასროლით მოკლეს ახალგაზრდა მამაკაცი.
წყარო : კვირის პალიტრა