პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, მწვავე საზოგადოებრივი პროტესტის აუცილებლობაზე საუბრობს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.
მისი თქმით, ივანიშვილმა საზოგადოებას და დემოკრატიულ ოპოზიციას სხვა გზა არ დაუტოვა. აღნიშნული განცხადება ბოკერიამ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისთან გააკეთა, სადაც ცოტა ხნის წინ ოპოზიციური პარტიების და მოძრაობა “სირცხვილიას” შეხვედრა გაიმართა.
“კატეგორიულად ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების ერთიანი პოზიცია არის იმაზე, რომ ეს კაცი და ეს ხალხი არის პირდაპირი საფრთხე ამ ქვეყნისთვის და სრული მხარდაჭერა იმ აქციის, რაც რუსთაველზე მიდის და იმ მოთხოვნის, რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია. ყველა მწვავე ინსტრუმენტი არის ლეგიტიმური, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ეს არჩევანი გააკეთა. ივანიშვილმა ჩააგდო საკუთარი თავი დიდ საფრთხეში და ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა. ახლა ჩვენი ვალია და საზოგადოების დაკვეთაა, რომ ყველა რადიკალური ინსტრუმენტით ამ კაცის მმართველობა უნდა დასრულდეს, უნდა ნახოს საზოგადოების რეაქცია, თუ ეს არ ეყოფა, ეს კიდევ უფრო გამწვავდება.”- განაცხადა გიგა ბოკერიამ