ივანიშვილი და სააკაშვილი – პატრიარქის იძულებით “მოყვარულები”

ეკლესიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, “ქოცები” და “ნაცები” ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტი გააკეთა ეკლესიისათვის და ვინ უფრო მეტ პატივს სცემს საქართველოს სულიერ მამას, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს.

ისინი ერთმანეთს ბრალს სდებენ, რომ ფარულად ებრძვიან პატრიარქს და მისი მოცილება სურთ. არის ამაში გარკვეული სიმართლე, თუმცა მივიჩნიოთ ისე, რომ აწ უკვე ყოფილი ეპისკოპოს პეტრეს ამბოხი და სინოდის ზოგიერთი სხვა წევრის ორაზროვანი პოზიცია მხოლოდ საშინაო და პარტიულ პოლიტიკას უკავშირდება, პრობლემის არსის ვერდანახვა იქნებოდა. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ უკრაინის ფსევდოეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი იყო საეკლესიო სკანდალისთვის ბიძგის მიმცემი და ეს უცხო ქვეყნების დაინტერესებული სპეცსამსახურების მონაწილეობის გარეშე არ მომხდარა.

თუმცა, მეორეს მხრივ, საგარეო ფაქტორი არ გამორიცხავს საშინაო პოლიტიკით განპირობებულ მიზეზებსაც. მეტიც, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ “ნაცებიც” და “ქოცებიც” მართლები არიან სულ მცირე, იმაში, რომ არც ბიძინა ივანიშვილს და არც მიხეილ სააკაშვილს, გულწრფელი გრძნობები არ გააჩნიათ არა მხოლოდ მართლმადიდებლობის, არამედ პირადად პატრიარქის მიმართ. ორივე საკმაოდ შორს დგას რწმენისა და ეკლესიისგან, ორივე ეპირფერება პატრიარქს, მაგრამ პატრიარქისადმი პატივისცემა მოჩვენებითია.

ორივემ, ივანიშვილმაც და სააკაშვილმაც, საკმაოდ გრძელი ტაიმ-აუტი აიღეს, ვიდრე საკუთარ პოზიციას გამოხატავდნენ 31 სექტემბრის სინოდის სხდომის შემდეგ. ივანიშვილი დუმდა მანამ, სანამ არ დარწმუნდა, რომ ხალხიც და ეკლესიაც პატრიარქის ერთგული რჩება. ბ-ნი ბიძინა მეუღლესთან ერთად ეწვია უწმინდესსა და უნეტარესს, რაც მხარდაჭერის გამოხატვის ტოლფასი იყო, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ საკვირაო წირვაზე, 3 ნოემბერს, უამრავი ხალხი შეიკრიბა პატრიარქის მხარდასაჭერად სამების ტაძარში და ერის სულიერი მამა შეძახილებით – “გვიყვარხარ, გვიყვარხარ!” გააცილა.

ასევე ჩუმად იყო სააკაშვილი, ვიდრე არ დარწმუნდა, რომ “მეუფე პეტრე” მას ვერ უშველის და, პირიქით, ქულებს წაართმევს. ამიტომ, ცნობილმა ვესტერნიზატორმა და “სინგაპურიზატორმა” განაგრძო მართლმადიდებლობაში “ჩაღრმავება”:

“საქართველო არის ფუნდამენტურად ქრისტიანული ქვეყანა, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არა. საქართველოს ეკლესია განსაკუთრებით გაძლიერდა ჩემს დროს და მე ამით ვამაყობ იმიტომ, რომ ის გაძლიერდა ქართულ სახელმწიფოსთან ერთად და მე არათუ ბოდიშს არ მოვიხდი ამაზე, ეს მიმაჩია ჩემს პირად მიღწევადაც, როგორც სხვა ადამიანების. ყველა დადებით პროცესს რაღაც ჭუჭყი მოჰყვება, მაგრამ ახლა ასეთი ხელაღებით შეტევა ეკლესიაზე, ამის გავრცობა ზოგადად რწმენაზე, მორწმუნე ადამიანების გაქილიკება სრულიად მიუღებელია. ჩვენ არ უნდა დავუტოვოთ ეკლესიის თემა, ეროვნულობის თემა, რწმენის თემა პრორუსულ ჯგუფებს. არაფერ შუაში არ არის რუსეთი და ჩვენი ეკლესია ერთმანეთთან” – ასეთი მიმართვა გაავრცელა ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში.

დააკვირდით? სააკაშვილი თავის მომხრეებს ქარაგმულად ეუბნება, რომ ეკლესიასთან დაპირისპირება ისევ “ნაციონალებს” დააზარალებს. სააკაშვილი ცდილობს, რელიგიაზე მოქილიკე “ნაცები” ოდენ თამარ ჩერგოლეიშვილის “მრევლად” გაასაღოს. ყოფილმა პრეზიდენტმა იგრძნო, რომ ეკლესიაზე დიდი შეტევა ჩაფლავდა, პატრიარქის განქიქებით კი დაკავებული არიან დასავლურ ემიგრაციაში გაბნეული მარგინალური “ზვიადისტური” და ულტრალიბერალური ჯგუფები, რომელთა ფსევდო-კომპრომატი პატრიარქის ერთობლივი სურათებია, გადაღებული შევარდნაძესთან და ჯაბა იოსელიანთან (თითქოს პატრიარქს გამსახურდიასთან ან იმავე სააკაშვილთან არ ჰქონდეს სურათი გადაღებული). ამიტომ სააკაშვილი ცდილობს, თავის მომხრეებიანად გაემიჯნოს მარგინალებს და ვითარებას მოერგოს. მას რეალურად ეშინია “პრორუსული” ძალების ტრიუმფის, თუკი “ნაცები” დაუპირისპირდებიან ეკლესიას.

სამწუხაროდ, დასავლეთის სპეცსამსახურებმა ერთ დიდ ბოროტ შედეგს მაინც მიაღწიეს – ხელოვნური სკანდალებით, დასავლეთში გავრცელებული სქემის საქართველოზე გადმოტანით, როდესაც ხდება ეკლესიაში ჰომოსექსუალიზმისა თუ სულაც პედოფილიის თემის გაღვივება და ხელოვნური აგორება (როდესაც, მავანთ 20- 30-40 წლის მერე “ახსენდებათ” ნამდვილი თუ მოგონილი გაუპატიურებები და გაუპატიურების მცდელობები ეკლესიის ცალკეულ მსახურთა მხრიდან) საზოგადოებაში დაბნეულობა და სასულიერო პირებისადმი უნდობლობის გაძლიერება გამოიწვიეს. ამ შხამიან საფუძველზე ისინი შეეცდებიან, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ გაააქტიურონ უკრაინის “ავტოკეფალიის” თემა. მათთვის მთავარი საკითხი ეს არის და არა ივანიშვილის პროვინციალური მეგალომანიის ან სააკაშვილის რევანშისტული მახინჯი განწყობების რეალიზება.