გაზეთ “რეზონანსის” ვებ-გვერდზე ვკითხულობთ ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის “სენსაციას”:
“პუტინს და რუსეთს ჩემი გადაბირება სურდათ. მათ უნდოდათ, რომ მათი ქვეყნის სახელით მებრძოლა. პუტინის დავალებით ერთ-ერთმა რუსმა წარმომადგენელმა დიდი თანხა შემომთავაზა, თუ მათი სახელით გამოვიდოდი შეჯიბრებებზე. მე მათ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარი ვუთხარი, რაც გაუკვირდათ. ქართველი ვარ და ბოლომდე ქართველი ვიქნები.”
შეგახსენებთ: ტალხაძე ძალზე წარმატებული ძალოსანია, ე. წ. “შტანგისტი”. შესაძლოა, მას ცოტა ზედმეტი მოუვიდა და ჭარბი წონის აწევისას ტვინში “ხილვები” დაეწყო. სხვა რით შეიძლება აიხსნას ესოდენ აბსურდული მტკიცება? როდის იყო, პუტინის დავალებით ვიღაც “შტანგისტებს”, თუნდაც წარმატებულებს, დასდევდეს ზესახელმწიფო? და, თუნდაც პუტინი ასე იყოს დაინტერესებული ძალოსნობით, ტალახაძეს ვინ ეტყოდა, რომ სწორედ პუტინის დავალებას ასრულებენ?
შესაძლოა, ჩვენს ჩემპიონს ვინმე ავანტიურისტებმა მართლაც მიმართეს პუტინის სახელით და ტალახაძე ტყუილს არ ამბობს, არამედ იმას იმეორებს, რაც უთხრეს. მაგრამ ჯანთან ერთად ცოტა აზროვნების უნარიც ხომ უნდა გქონდეს ჩამოყალიბებულ კაცს? ვინმემ გთხოვა, ეს სისულელე გაიმეორეო? ბრიყვის გარდა ამას ვინ დაიჯერებს? რეალურად, გამოდის, რომ ტალახაძე საკუთარ თავს “იპიარებს”, ამკვიდრებს პატრიოტის იმიჯს, რომ იგი ფულით ვერ მოისყიდა უზარმაზარი სახელმწიფოს – რუსეთის ლიდერმა…
მაგრამ განა ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ტალახაძის პატრიოტობაში (გარდა, რადიკალი “მიშისტებისა”, რომლებიც მას ვერ პატიობენ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას საპრეზიდენტო არჩევნებზე)? ახლა კი, უბრალოდ, მისი გონებრივი შესაძლებლობების მიმართ ჩნდება ეჭვი…