თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა კვიციანისთვის ბრალის წარდგენა ამ წუთებში მიმდინარეობს. პოლიციის მთავარ სამმართველოში მისი ადვოკატი შოთა მანელიძე რამდენიმე წუთის წინ შევიდა.
როგორც ჟურნალისტებს მანელიძემ განუცხადა, ბექა კვიციანს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით. თუმცა, ადვოკატის თქმით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
“მე გუშინ შევხვდი ბრალდებულს. ის ნაკლებად კონტაქტურია და არ მომეცა შესაძლებლობა გავცნობოდი საქმის ვითარებას. ერთადერთი თქვა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. იგი არაფერ შუაში არ არის, ამას ამბობს. თუმცა, ის მდგომარეობა რაც მას აქვს, არ აძლევს საშუალებას, რომ ეს საკითხი განავრცოს. ჯანმრთელობის მხრივ რთული ვითარება აქვს. ფსიქიკური არამდგრადობა აღენიშნება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შუამდგმლობა მალე იქნება კანონიერ ვადაში დაკმაყოფილებული და მალე დაინიშნება სათანადო ექსპერტიზა”, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთმ რომ ბექა კვიციანი ორი დღის წინ რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.