რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბეგაძე პარტია “ქართულ ოცნებას” და საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
გიორგი ბეგაძის თქმით, ის 14 ნოემბერს პარლამენტში გამართულ კენჭისყრას არ დასწრებია, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ საქართველოს პარლამენტი საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას შეძლებდა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს საკმარისი მხარდაჭერა ექნებოდა:
“დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას!
სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვესწრებოდი ბოლო დღეების სხდომებს და ვერც ვხედავდი რაიმე განსაკუთრებულ რისკს, რომ საკითხს არ ექნებოდა საკმარისი მხარდაჭერა.
მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მიწევს ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება.
დღეიდან ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და შესაბამისად, უმრავლესობის პარტიას,” – წერს გიორგი ბეგაძე.