“ნუ შევქმნით ქარიშხალს ჭიქაში“ – “ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძე, შენობის გარეთ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.კობახიძე ამბობს, რომ აქცია პარტიული აქტივით იყო ორგანიზებული.
“ქართული ოცნების” წევრი აცხადებს, რომ მმართველი პარტია ხალხთან ურთიერთობას განაგრძობენ და სწორედ ამისკენ მოუწოდებს ის ოპონენტებსაც და ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის ხმებს დაკარგავენ.
“მე ვუყურებდი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერს და რეალურად, გარეთ იყო შეკრებილი პარტიის ოფისთან 2-3 ათეული ადამიანი და ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნებოდა ადამიანს, რომელიც არ იყო უშუალოდ ამ ყველაფრის მომსწრე, რომ იქ ხდებოდა რაღაც უბედურება. ქარიშხალი ჭიქაში არ უნდა შეიქმნას. ყველაფერი იქნება მშვიდად და ისინი თუ გააგრძელებენ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, ჩვენი ოპონენტები, ისინი კიდევ უფრო მეტს წააგებენ შემდეგი არჩევნებისთვის… თუ ვინმე დაშავდა, ამით უნდა დავინტერესდეთ და ეს ძალიან სამწუხაროა. ერთი რესურსი გვაქვს და ამაში ყველა დარწმუნდება, როდესაც სამომავლოდ, კანდიდატები დასახელდება. ვიდრე რადიკალურ ნაბიჯებს გეგმავენ და ახორციელებენ ჩვენი ოპონენტები, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს. ჩვენ დამატებით ქულებს ვიწერთ არჩევნებისთვის და ისინი კარგავენ რესურსს არჩევნებისთვის. ამიტომ, მათ მოვუწოდებ, ისინიც დაკავდნენ ამით, ესაუბრონ ხალხს და ნუ ესაუბრებიან ერთმანეთს“ – აცხადებს კობახიძე.
კობახიძე აცხადებს, რომ გუნდი არის ერთიანი და უახლოეს პერიოდში, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში გადავა.