გახარიას თქმით, სამწუხაროა, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონი ვერ იქნა მიღებული

გიორგი გახარიას თქმით, სამწუხაროა, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონი ვერ იქნა მიღებული, მაგრამ “საბედნიეროდ, ეს ინიციატივა ჩვენ გვიდევს კონსტიტუციაში და 2024 წელს განხორციელდება”.

მან ეს ჟურნალისტების კითხვის პასუხად თქვა ქართული ოცნების ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც, გახარიას თქმით, ბიუჯეტზე იმსჯელა ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად.

“არ დაგვავიწყდეს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო გადაწყვეტილება, რომელსაც შემდეგ სჭირდებოდა გარკვეული პროცედურები. კიდევ ერთხელ ვამბობ, სამწუხაროდ, ამ საკანონმდებლო ცვლილებამ, სამწუხაროდ, ვერ გაიარა … საბედნიეროდ, ეს ინიციატივა ჩვენ გვიდევს კონსტიტუციაში და 2024 წელს განხორციელდება”, – თქვა გახარიამ.

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, შეხვედრაზე, რომელიც ქართული ოცნების ოფისში გაიმართა და რომელსაც მინისტრთა კაბინეტი და უმრავლესობის დეპუტატები ისწრებოდნენ, 2020 წლის ბიუჯეტზე ისაუბრეს.

“რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ცხოვრების, პოლიტიკური პროცესის განმავლობაში, ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს,”- თქვა გახარიამ.
მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან, იკვეთება, რომ  პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილ   სავარაუდოდ, ამ შეხვედრას არ ესწრებოდა.