ავსტრალიურმა ავიაკომპანიამ “Qantas” ავიაციის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფრენა, “ნონ სტოპ” ანუ დაჯდომის გარეშე, ლონდონიდან სიდნეიმდე შეასრულა.
“ბოინგის” თვითმფრინავმა “787-9 Dreamliner”-მა, 19 საათისა და 19 წუთის განმავლობაში 17,8 ათასი კილომეტრი დაფარა. მოიხსნა ორი მსოფლიო რეკორდი. ბოლოს ასეთი რეკორდი “სინგაპურის ავიახაზებს” ეჭირა, რეისით ნიუ-იორკი – სიდნეი, რომელიც 18 საათის მანძილზე გრძელდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ “ბოინგ 787-9”-ს 256 მგზავრის გადაფრენა შეუძლია, ამჯერად ბორტზე მხოლოდ 50 მგზავრი იმყოფებოდა, ოთხი მფრინავის ჩათვლით. მგზავრებმა ფრენისას ორჯერ იხილეს განთიადი.
ლონდონის აეროპორტ “ჰითროუდან” თვითმფრინავი დილის 6 საათზე, 14 ნოემბერს აფრინდა. მიუხედავად ადრე დილისა, მომსახურე პერსონალმა მგზავრებს არა საუზმის, არამედ ვახშმის მენიუ შესთავაზა, მათ შორის ჭიქა წითელი ღვინისა. სალონში სინათლე გამორთეს და ღამის იმიტაცია მოაწყეს. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ მგზავრებს უკეთ შეძლებოდათ ხანგრძლივ მგზავრობასთან და სიდნეის დროსთან ადაპტაცია. მგზავრებს ფრენისას ასევე მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშები გააკეთებინეს.
გზაში თვითმფრინავმა გერმანიას, პოლონეთს, ბელარუსს, ყაზახეთსა და ჩინეთს გადაუფრინა, შემდეგ მან კურსი სამხრეთისკენ აიღო, წყნარ ოკეანეზე, ფილიპინებსა და ინდონეზიაზე გადაფრენით.