ვხედავ პუბლიკაციებს სოციალურ ქსელში, სადაც “ნაცებთან” დგომის გამო ხალხის სამართლიან პროტესტს პასუხობენ. იგრძნობა საყვედურის ტონი: თქვენ ნუ გვასწავლით, სად დავდგეთ, ჩვენ რომ ვბრძოლობდით, თქვენ სად იყავით მაშინ და ა.შ.
პოლიტიკოსისგან ასე საუბარი ხალხთან უფრო მეტ ანტიპათიას იწვევს!
მე პირადად და ჩემი მეგობრები ვიყავით ყოველთვის იქ, სადაც ქვეყანას უჭირდა. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოდი და ამ შენიშვნას ვერ და არ მივიღებ ჩემს თავზე. მე არც თანამდებობაზე ვყოფილვარ და სხვებზე ადრეც დავტოვე პარტია “ქართული ოცნება” კოჰაბიტაციის გამო. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს.
ქუჩაში შეიძლება “ნაცებიც” იდგნენ – ჩვენ ვერ ავუკრძალავთო… ამ მოცემულობაში ეს არგუმენტი არ მოქმედებს.
რადგან: აქ “ნაცების” ქუჩაში დგომაზე არაა საუბარი.
აქ არის საუბარი”ნაცებთან” ერთად “შალიკოს” ოფისში სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე და ერთიანი ფრონტით ხელისუფლებისთვის ბრძოლაზე.
თქვენ “ნაცებთან” ერთად გეგმავთ პოლიტიკურ მომავალს, მათთან ერთად ცოცხალი ჯაჭვით მიუძღვებით წინ მომიტინგეებს, მათთან ერთად ფოტოებს იღებთ, რაც ძალიან ცუდად ჩანს და ნუღარ გიკვირთ ხალხის სამართლიანი რისხვის!
მკვლელებთან ერთად სამართალს ვერ იპოვით!!!
პოლიტიკური პარტიები გაქვთ, პრეტენზია გაქვთ, შეცვალოთ ხელისუფლება და ერთობლივი ბრძოლის გზას “ნაცებთან” ერთად გეგმავთ. ესაა თვალშისაცემი!
როგორც “პატრიოტთა ალიანსმა” გამოაცხადა აქციის თარიღი და განმარტა, რომ არ უერთდება არავის, ასე უნდა მოქცეულიყავით სხვა პარტიებიც, ვინც “ნაცებს” ემიჯნებით.
“ნაცებს” ეპროტესტებინათ თავიანთი სატელიტებითურთ, რამდენიც უნდათ. თქვენ პარალელურ რეჟიმში სხვა ჯანსაღი ერთობა შეგექმნათ და გეთქვათ, რომ ემიჯნებით ორივე ძალას, “ნაცებს” და “ქოცებს”, გამოგეცხადებინათ საყოველთაო მობილიზაცია, მოგეწოდებინათ ხალხისთვის მხარდაჭერისკენ და იმაზე მეტი დაგიდგებოდათ გვერდით, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მოღალატე “ნაცების” ადგილას დღეს პარლამენტთან რეალური ოპოზიცია გააპროტესტებდა ყველა იმ უსამართლობას, რაც ქვეყანაში ხდება!
ლაშა გოლუბიანი,
ადვოკატი