რატომ გადაიფიქრეს ამერიკელებმა ირანზე თავდასხმა?

სანამ ირანსა და რუსეთს შორის არ ჩამოყალიბდა პარტნიორული ურთიერთბები, შეერთებული შტატები თავს მშვიდად გრძნობდნენ, ვინაიდან ირანი რუსეთისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ერთგვარ ბარიერს წარმოადგენდა. მაგრამ როდესაც ირან-რუსეთს შორის ბოლო დროს პარტნიორობა განმტკიცდა, განსაკუთრებით სირიაში, თეთრი სახლი ირანის დაჩოქებას შეეცადა, მით უფრო, რომ ირანის გაძლიერება აშშ-ის სტრატეგიულ მოკავშირეს, ისრაელს ძალიან აშფოთებდა და აშფოთებს.

სულ ორიოდე წლის წინ, ირანზე აშშ-ის თავდასხმის საკითხი საკმაოდ რეალურად განიხილებოდა. ამერიკელები ამ საშუალებას რაიმე კოალიციის შექმნის გარეშეც განიხილავდნენ. მათ მოამზადეს კიდეც ირანზე თავდასხმის გეგმა, რადგან ამერიკელებს ეგონათ, რომ ირანთან შედარებით, აბსოლუტურ სამხედრო-ტექნიკურ უპირატესობას ფლობდნენ, პირველ რიგში – საავიაციო ძალებით.

თუმცა, საუდის არაბეთის ნავთობ-საწარმოებზე სექტემბერში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, როდესაც იემენელი ჰუსიტების მიერ გამოშვებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა საუდის არაბეთის ნავთობის მოპოვების პარალიჩი გამოწვიეს, აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰუსიტმა  აჯანყებულებმა განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს, სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ თეირანი გამოაცხადა დამნაშავედ (ჰუსიტებს იემენში ირანი ეხმარება მატერიალურად და მორალურად). ამერიკის “ომის პარტია” ვარაუდობდა, რომ ამ გზით უფრო გაამძაფრებდნენ ისრაელის ნების უსიტყვო შემსრულებლის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სწრაფვას, ირანს სწრაფად მოუღოს ბოლო.

მაგრამ გამოვიდა პირიქით. საუდის არაბეთის ნავთობსაწარმოებზე იერიშმა ტრამპი უფრო ფრთხილი გახადა. პრეზიდენტი უკვე სხვაგვარად “აჭიკჭიკდა”:  მისი თქმით, ომის გარდა, ირანზე გავლენის უამრავი გზა არსებობს. ”ბევრი ვარიანტია. არსებობს ექსტრემალური ვარიანტი და მრავალი სხვა, არცთუ ისე მკვეთრი, ”- თქვა პრეზიდენტმა სექტემბერში, კალიფორნიაში, ჟურნალისტებთან ინტერვიუში. ”უკიდურესი ვარიანტით, მე ვგულისხმობ ომს. მაგრამ, ჩვენ ახლა ამ ვარიანტზე არ ვსაუბრობთ. ”

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია თანამედროვე სარაკეტო-საზენიტო კომპლექსების შექმნაში და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში. რუსეთი ირანს არსებითად დაეხმარა, მათ შორის, საზენიტო-სარაკეტო სისტემა ЗРС С-300-ПМУ2-ის მიწოდებით. ამით ირანის ანტისაჰაერო თავდაცვითი საშუალებების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამას უცხოელი სამხედრო სპეციალისტებიც აღიარებენ. აგრესორს დიდი ზიანი მიადგება, ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში. ამერიკელები კი, როგორც ცნობილია, მსხვერპლს საკუთარ რიგებში, მით უმეტეს, ავიაციაში, გაურბიან.

მსოფლიო სამხედრო ძლიერების რეიტინგში ირანი დღესდღეობით მე-14 ადგილს იკავებს. ამ მაჩვენებლით იგი პაკისტანზე, ჩრდილო კორეაზე, ავსტრალიაზე, კანადაზე და, თვით დაუძინებელ მტერზე – ისრაელზე წინ დგას. განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რომ ეს პოზიცია ირანმა გასული ორი წლის მანძილზე მოიპოვა, როდესაც 7 საფეხურით წაიწია წინ. ისლამური რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალები იკავებენ მე-4 ადგილს მსოფლიოში – 398 საბრძოლო გემით (მათ შორის 34 წყალქვეშა ნავია).

შესაბამისად, ამერიკელებს, რომლებიც პატივს მხოლოდ ძალას სცემენ, ირანის ძალებისთვისაც უწევთ ანგარიშის გაწევა.