ფოთის ”კოლხეთის” ყოფილი მეკარე დენის კნიგა ქართულ კლუბში გატარებულ პერიოდს იხსენებს. 27 წლის ნიჭიერი რუსი ფეხბურთელი აღიარებს, რომ ქართულ კლუბში ჩაწყობილი თამაშებთან დაკავშირებულ პრობლემას არაერთხელ წააწყდა. კნიგას თქმით თამაშების ჩაწყობაში მისი თანაგუნდელები მონაწილეობდნენ.
კნიგა ”კოლხეთის” ღირსებას 2018 წლის სეზონში იცავდა, როცა გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით ”კოლხეთის” ფეხბურთელები დაისაჯნენ. მაშინ ”კოლხეთის” მოთამაშეებს ლაშა გოგონაიას, ბორის მახარაძეს, ზურაბ არზიანს, გიორგი კილასონიასა და თორნიკე ჯიმშელეიშვილს ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯათ.
დენის კნიგა Sportsdaily-ს ესაუბრა:
”კოლხეთის” წინადადებას დავთანხმდი, თუმცა იქ ჩასვლისას განსხვავებული ვითარება დაგვხვდა. აგენტი, რომელსაც შევუთანხმდი, ფეხბურთელებს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაზე უთანხმდებოდა.
მახსოვს, რამდენიმე პირი მოვიდა, მათ მითხრეს, რომ თამაში უნდა ჩაგვეწყო. მათ ვუთხარი, რომ ამას არ გავაკეთებდი. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ მან ამიყვანა გუნდში და ეს უნდა გამეკეთებინა. მე მას საერთოდ არ ვიცნობდი. შემდეგ თანაგუნდელებმა მითხრეს, რომ ის პირი საქართველოში ”სერიოზული ადამიანია.” ის იყო ბანდიტი, რომლის ყველა სიტყვას ფეხბურთელები ემორჩილებოდნენ. გარდა ამისა, მწვრთნელთა ხშირი ცვლილებების გამო გუნდში არეული ვითარება იყო. ასევე, ქართულ კლუბში მომზადებისთვის აუცილებელი ელემენტარული პირობები არ არსებობდა.
მცველი შეცდომას უშვებდა, მე ვკითხებოდი: რა არის ეს? ის მპასუხობდა, რომ ყველაფერი რიგზეა.
ჩაწყობილი თამაშების გამო ერთხელ ავტობუსში ვიჩხუბე, მაგრამ მე ლეგიონერი ვიყავი და ვერაფერს შევცვლიდი, კლუბში თავისი სისტემა ჰქონდათ.
მიუხედავად არსებული ვითარებისა ”კოლხეთში” რამდენიმე კარგი მატჩი ჩავატარე და სიმბოლურ გუნდშიც მოვხვდი.”
Crystalsport.ge