ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს ჟენევის თანათავმჯდომარეები განიხილავენ

ქართველი ექიმის დაკავება, ასევე ახალგორის იზოლაცია და არაკონტროლირებად ტერიტორიაზე  არსებული მძიმე ვითარება – ამ საკითხებს განიხილავენ დღეს, თბილისში შეხვედრაზე ჟენევის თანათავმჯდომარეები. ისინი საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდნენ.

სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, დიდი ალბათობით, ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში უნდა გაათავისუფლონ. რის საფუძველზე აკეთებს ამ განცხადებას მინისტრი, ციხელაშვილს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

“თუ ამ პერიოდისათვის ვერ ხდება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, ეს არის აბსოლუტურად უმნიშვნელოვანესი საკითხი. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ახლგორის მიმართულებით გადაადგილების აღდგენა, რადგან მთელი მოსახლეობა არის დღეს სატუსაღოს მდგომარეობაში,” – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.