ბოდბელი მეუფე იაკობი, თავისი სამხედრო ბიოგრაფიიდან გამომდინარე, აგრძელებს სამხედრო-პოლიტიკურ თემებზე საკუთარი აზრების გამოთქმას- ეკლესიასთან შეუთანხმებლად. თეოლოგიაში მეუფე სუსტია, მას ვერავინ დასწამებს სიღრმისეულ განათლებას ან განსაკუთრებულ სულიერებას, სამაგიეროდ, იგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია და დაუფარავი ლობისტია საქართველოში.
სურათზე: მეუფე იაკობი (“საქინფორმის” კარიკატურა)
მეუფემ, “რონდელის ფონდის” მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში, ბრიუსელში, საპატრიარქოს წარმომადგენელ დეკანოზ ჯაღმაიძესთან ერთად, სხვადასხვა შეხვედრები გამართა, მათ შორის, ნატოს ჩინოვნიკ ჯეიმს აპატურაისთან.
ქართული ეკლესიის დელეგაცია, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშეა ბრიუსელს გამგზავრებული, ევროპარლამენტარებსაც შეხვდა. ევროპარლამენტში გამართულ სემინარზე მეუფე იაკობმა განაცხადა:
“ტოლერანტობა ალბათ ჩვენგან უნდა ისწავლოს ევროპამ. შეგვიძლია ტოლერანტობაში მაგალითი მოგცეთ. მრავალი საუკუნეა თბილისის ცენტრში ყველა სალოცავია. გენეტიკურად ტოლერანტები ვართ. ცოდვის მიმართ ტოლერანტები ვერ ვიქნებით. მეც რომ ცუდი საქმე გავაკეთო, მაშინ ესეც დასაძრახია. სხვებზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობთ. ჩემი საქმე არაა, სხვას მოვუწოდო, როგორ იცხოვროს და თავად თუ მკითხავს, მაშინ მოვახსენებ ჩემს აზრს. მოლდოვასაც, უკრაინასაც და საქართველოსაც დაუჭირეთ მხარი. გავა დრო და ჩვენ ღირსეულად მოვემზადებით.
ჩვენი სახით ერთი ღირსეული წევრი შეგემატებათ ევროკავშირში. ეს არის თავისუფალი ქვეყნების თავისუფალი კავშირი. როგორც მრავალშვილიანი ოჯახია ძალიან კარგი, ასევე საქართველოს და უკრაინის შეერთებაც კარგი იქნება. ნატო არის ჩვენი არჩევანი. მოსახლეობის უმრავლესობას სურს გაწევრიანება ნატოში. მთავარია ნატოც ჩამოყალიბდეს. იქაც დაიხვეწება ყველაფერი და კითხვებს ჩვენთანაც არ დატოვებს”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.