ხანძარი რაჭაში ისევ მძვინვარებს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხანძარს მესამე დღეა ებრძვიან. ცეცხლი სოფელ აბარის მიმდებარედ ტყეში გაჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს და გამხმარ ხეებს უკიდია.

ცეცხლი 30-მდე ჰექტარზე გავრცელდა. ხანძრის ჩაქრობას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ, თუმცა ხანძრის სრულად ჩაქრობა ვერ ხერხდება.

ამბროლაურის მერის ზვიად მხეიძის ინფორმაციით, დღეს სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ხანძრის ძირითადი კერები ჩაქრება.

მისივე თქმით, ადგილზე 80-მდე მეხანძრე-მაშველი და ადგილობრივი მოსახლეობა მუშაობს. მერის ინფორმაციით, ცეცხლის დასახლებული ადგილებისკენ გადასვლის საშიშროება არ არსებობს.