18 ნოემბრის აქციისას დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 2 საათით გადადო. მოსამართლის მიერ ადვოკატების შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა. “მოგაკითხავთ კანონი”, “არაკაცები ხართ”,- ამ სიტყვებით რამდენიმე ადამიანმა სასამართლო დარბაზი დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ირაკლი ჩიხრაძის, ლევან გორგაძის, ხვიჩა ბიწაძის, რევაზ ნიჟარაძის, დავით ბერუაშვილის, პაატა მანჯგალაძის, ნოე ლაშხის და გოჩა მჟავანაძის პროცესი მიმდინარეობდა. დაკავებულების ადვოკატების ნაწილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა.
ადვოკატების განცხადებით, დაკავებულები 7 საათის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან, თუმცა მათი ნახევარის საქმეებიც კი არ არის განხილული. შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.
შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.