„დაიცავი ოზონის შრე – დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი, „დაიცავი ოზონის შრე – დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე“გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით ჩატარდა.

ნკურსში მონაწილეობა ოცდათხუთმეტმა მოსწავლემ მიიღო და შერჩეულ ოთხ მონაწილეს ახალგორიდან, ქვემო ალვანიდან, რუსთავიდან და თბილისიდან გადაეცათ ჯილდოები ოზონის შრის შესახებ საუკეთესო ესეებისა და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის“ შესახებ ვიდეომიმართვების მომზადებისათვის.

„ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეების მოლოდინია, რომ მწვანე და უსაფრთხო სამყაროს დავუტოვებთ. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ამოღების მიმართულებით, თუმცა მომავალში მეტად უნდა ვიზრუნოთ გარემოსდაცვით განათლებაზე, ცხოვრების მწვანე წესის შემოღებაზე, წარმოებისა და მოხმარების მდგრადი პრაქტიკის დანერგვაზე“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოში UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი ესწრებოდა.

„ახალგაზრდების ენთუზიაზმმა ჩვენი პლანეტის დაცვის საქმეში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, კონკურსის მონაწილეები საკუთარ გადაწყვეტილებებს ეძებენ ცხოვრების მწვანე წესისა და მდგრადი მოხმარების საკითხებში. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი თავის სათქმელს ოჯახებამდე, მეგობრებამდე და მთლიანად საზოგადოებამდე მიიტანს“, – აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

ცნობისთვის, აღნიშნული ახალგაზრდული კონკურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 2019 წლის 16 სექტემბერს, ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები და სემინარები, რომლებშიც 150-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრების შედეგად 35-მა მეათეკლასელმა გადაწყვიტა ესეებისა და ვიდეომიმართვების კონკურსში მონაწილეობა და საკუთარი სიტყვის თქმა ოზონის შრის დასაცავად.