პარლამენტის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის არჩევის სხვადასხვა სისტემაზე საუბრისას, აცხადებს, რომ მმართველი პარტია ოპოზიციას არაფერზე შეთანხმებია და არც არაფერზე მიუცია პირობა.
„ეს ქვეყანა არ არის საცდელი ობიექტი, არ არის ისე ვიღაცას დავპირდით და ა.შ. როცა ჩვენ გვქონდა პრეტენზია პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, მთავარი კითხვა იყო თუ რა გარანტია არსებობს, ან ვინ აგვიხსნის, როგორ ავიცილოთ ის რისკი თავიდან, რასაც ჩვენ ვხედავთ კოალიციური მთავრობის შემთხვევაში – არასტაბილურ გარემოს და არამყარ მთავრობას, რყევადს და ამორფულს, პასუხი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი: თურმე ჩვენ დავპირდით. მინდა გითხრათ, რომ მე არავის არაფერს არ დავპირებივარ, და არც ქართული ოცნება არავის არ დაპირებია. თუ დაპირდა, ის დაპირდა მაშინ ხალხს, ხალხი თვითონ ჩათვლის იყო ეს დაპირება და ეს უნდა შესრულებულიყო თუ არა. შესაბამისი განაჩენი, ასე ვთქვათ, საარჩევნო განაჩენს ვგულისხმობ, შედეგობრივი, დადგება მაშინ, როცა იქნება არჩევნები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე შეფასებით, სამივე სისტემა – პროპორციული, შერეული თუ მაჟორიტარული არის ყველა დემოკრატიული, თუმცა აქ გასათვალისწინებელია პოლიტიკური კულტურა, არსებული რეალობა და სარკისებურად არც ერთი ქვეყნის მაგალითი არ შეიძლება იყოს გადმოტანილი. დღევანდელ რეალობაში კი იგი ქვეყნისათვის არასასურველად მიიჩნევს სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.
ამასთან მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, რომ პირადად ყოველთვის მხარს უჭერდა მაჟორიტარულ სისტემას და ეს არაერთხელ დაუფიქსირებია: „2016 წელს, როცა მე-9 მოწვევის პარლამენტისთვის კანდიდატი ვიყავი და საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდი, გავაკეთე კიდეც საჯარო განცხადება და საკუთარ პოლიტიკურ გუნდს ვთხოვე, რომ პროპორციულ სიაში არ შევეყვანე და მე შევიდოდი პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ამომრჩევლის მიერ პირდაპირი არჩევის წესით “.
დიმიტრი ხუნდაძე და მისი თანამოაზრეები, როგორც თავად აცხადებს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაში ქვეყნისათვის გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ და კანონპროექტს, რომლითაც ქვეყანა უკვე 2020 წლისათვის უნდა გადასულიყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, შეგნებულად არ დაუჭირეს მხარი.
„ჩვენ ეს კანონპროექტი აბსოლუტურად შეგნებულად დავამუხრუჭეთ იმისათვის, რომ ჩვენ ვხედავთ ამაში რეალურ საფრთხეებს. ქვეყანა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ცხოვრობდეს სტაბილურად, მას უნდა ჰყავდეს ძლიერი მთავრობა. ამ რეალობაში, ამ პარტიულ ველზე კი, რა თქმა უნდა, ეს ყველა პირობას იძლევა იმისათვის, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს გრძელვადიანი პერსპექტივა“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, თავად პარტიული ველიც აბსოლუტურად არ არის მზად დღეს პროპორციული სისტემისთვის.
„თქვენ ხედავთ, რომ დღეს აბსოლუტურად არათავსებადი იდეოლოგიის მქონე პარტიები არიან ერთად, რომლებიც უბრალოდ ვერ შეთანხმდნენ ერთ განცხადებაზე, ერთ ქმედებაზე. მათი მხარდაჭერაც საზოგადოებაში, ხედავთ რა იყო. რაოდენობა ხარისხს არ განსაზღვრავს, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, დაახლოებით 30-ზე მეტმა პარტიამ 5 ათას ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა. მე გადავხედე სტატისტიკას და 12 პარტიას ერთად აღებულს, რომელიც ხარჯავს დაახლოებით 10 მილიონს, რეიტინგი ანუ მხარდაჭერა მოსახლეობაში აქვს არც მეტი არც ნაკლები 1%. ახლა წარმოიდგინეთ კოალიციური მთავრობა – პრორუსული, პროევროპული და, შესაძლოა, ამ კოალიციაში მოხვედრილი მცირე, თუნდაც ერთკაციანი პარტია გახდეს მაშანტაჟირებელი და მოითხოვოს, მაგალითად, რომელიმე მინისტრის პორტფელი. ამ დროს თუ მას უარს ეუბნებიან, აქ ხდება მთელი ამბავი“, – განაცხადა დეპუტატმა.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, როცა პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვალა და გადაწყდა ხმოსნების მიერ მისი არჩევა, ოპოზიციამ ერთი ამბავი ატეხა, ამ დროს კი თავად ადამიანებს ხელიდან აცლის სისტემას, რომლითაც უნდა აირჩიონ ამ ადამიანებმა წარმომადგენელი პარლამენტში, რომ რეგიონები არ დარჩეს მაჟორიტარების გარშე. მისი თქმით, ხელისუფლების წყარო უნდა იყოს ხალხი და სწორედ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება მისი მაჟორიტარი და რა ურთიერთობა ექნება მას საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მაჟორიტარის დახმარებით.
„ამ ფონზე ვფიქრობ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორი და პასუხისმგებლიანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცოდით გარკვეული რყევები იქნებოდა გუნდშიც, ქუჩაშიც, მაგრამ ასეთი სიმპტომური ქმედებისგან ჩვენ უნდა ვიყოთ შორს, შესაძლოა დღევანდელი ხმაური შემდეგში სტაბილურობის აუცილებელი პირობა იყოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.