„როიტერსი“, კორეულ მედიაზე დაყრდნობით, ტრამპის ახალ განცხადებას ავრცელებს

იმ შემთხვევაში, თუ სეული სამხრეთ კორეაში განთავსებულ ამერიკულ ჯარს დაფინანსებას არ გაუზრდის, აშშ ქვეყნიდან შეიარაღებული ძალების ერთ ბრიგადას გაიყვანს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ კორეულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ სეულისგან დაფინანსების 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ითხოვს, რაც ახლანდელ ხარჯს თითქმის 5-ჯერ აღემატება.

„იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებები ისე არ წავა, როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, აშშ ქვეყნიდან ერთ ბრიგადას გაიყვანს,“- განაცხადა სანდო წყარომ სამხრეთ კორეულ გამოცემა Chosun Ilbo-თან საუბარში.

გამოცემის განმარტებით, სამხრეთ კორეაში დაახლოებით 28,500 ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული და ამ რაოდენობის 3,000-4,000 ჯარისკაცით, ანუ ერთი ბრიგადით, შემცირება აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ 2019 ფისკალური წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს არ არღვევს.