«ვინც კანონს დაარღვევს, დავაკავებთ» — საპატრულო პოლიციის უფროსი

ცენტრალური შენობის კარი არ ჩაიკეტება. ვინც პოლიციას არ დაემორჩილება და კანონს დაარღვევეს, დავაკავებთ,- ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკარზე ბოქლომის დადებას ცდილობენ.

როგორც სირაძე აცხადებს, შენობის ბლოკირება კანონდარღვევაა. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს მიუთითეს სხვა ადგილი, სადაც ფორმალურად შეუძლიათ ბოქლომის დადება, მაგრამ ისინი პროვოკაციას მიმართავენ.

„ ვინც პოლიციას არ დაემორჩილება და კანონს დაარღვევეს დავაკავებთ, ვაშაძე იქნება თუ სხვა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მეც თქვენც და ყველა პოლიტიკური ლიდერიც. გარკვეული პირები ცდილობენ ცენტრალური შესასვლელის პიკეტირებას და ბოქლომის დადებას, ჩვენ მოვუწოდეთ და მივუთითეთ, რომ ცენტრალური შესასვლელი კარის გვერდით მხარეს, სადაც კარის გაღებას არ შეუშლის ხელს, ფორმალურად, რადგანაც პროტესტს გამოხატავენ შეუძლით დაადონ ბოქლომი, მაგრამ არიან პროვოკაციაზე და ცდილობენ ცენტრალურ შესასვლელს დაადონ ბოქლომი. კარის ჩაკეტვა გამორიცხულია. არაერთხელ ავუხსენით, რომ ეს კანონის დარღვევაა. პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში, ვინც არ დაემორჩილება, დავაკავებთ“, -აცხადებს სირაძე.

სამწუხაროდ, ბოქლომის დადება მოახერხეს, თუმცა ღობეზე და არა ჭიშკარზე.