იმპერატორი პავლე I და ნათელმხილველები

რუსული საიმპერატორო კარის ცხოვრება და მით უფრო, მისი საჭეთმპყრობელებისა, საკმაოზე მეტად საინტერესოა. უნდა აღინიშნოს, რომ პავლე I რომანოვის მოღვაწეობა საიმპერატორო ტახტზე ზუსტად 4 წელს, 4 თვეს და 4 დღეს გაგრძელდა, მაგრამ ამ მცირე ხნის მანძილზე კიდევ საკმაოდ ბევრ მისტიურ მოვლენას ჰქონდა ადგილი.

  ცესარევიჩი პავლე, რომლის მშობლები იყვნენ პეტრე III და ეკატერინე II (დიდი), 1754 წლის 20 სექტემბერს ზაფხულის სასახლეში დაიბადა. უკვე ყმაწვილკაცობაში მას ეკატერინამ უბოძა აღნიშნული სასახლე და პავლეს ბრძანებით მიხაილოვსკის სასახლე ეწოდა. უფლისწული უკვე მწიფე ასაკში გახდა იმპერატორი – 1796 წლის 17 ნოემბერს. ეკატერინე II-ის სიკვდილის წინა ღამეს მას დაესიზმრა, რომ რაღაც უხილავმა ძალამ ის მაღლა აიყვანა. აფორიაქებულს გამოეღვიძა და მეუღლეს უამბო სიზმარი. დილით კი აღმოჩნდა, რომ ეკატერინა გარდაცვილი იყო და ცესარევიჩი იმპერატორი გახდა.
  დედა-შვილს მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონიათ. თავის სიკვდილამდე ეკატერინე შვილს არ აკარებდა სახელმწიფო საქმეებს, თუმცა ფორმალურად მას ფლოტის ადმირლობა უბოძა.
 პირველი ბრძანებით, იმპერატორმა თავისი მამის, პეტრე III-ის ცხედარი საძვალიდან ამოაღებინა, იმპერატორად აკურთხებინა და ახლად გარდაცვლილ დედასთან, ეკატერინესთან ერთად კვლავ მიაბარა მიწას. ამ ჟესტით პავლემ ხაზი გაუსვა თავის ლეგიტიმურობას. თავის დროზე, ეკატერინემ, როგორც ცნობილია, თავისი მეუღლე, პეტრე III ისე დაამხო ტახტზე ასვლიდან სულ რაღაც ნახევარ წელიწადში, რომ პეტრემ იმპერატორად კურთხევა ვერ მოასწრო. მართლმადიდებლობა-მიღებული გერმანელი პეტრე პრუსიის იმპერატორ ფრიდრიხ მეორე ბარბაროსას ბაძავდა და ჯერ არ უნდოდა იმპერატორად კურთხევა, ვიდრე წარმატებულ სამხედრო ლაშქრობას არ მოაწყობდა. პავლემ ასევე სიმბოლურად იძია შური მამამისის დამხობაში მონაწილე ფიგურებზე – ალექსეი ორლოვს უბრძანა, პეტრეს კუბო გადაესვენებინა, ხოლო ეკატერინე დაშკოვას პეტერბურგი დაატოვებინა.
   მიუხედავად იმისა, რომ პეტერბურგი იმპერიის დედაქალაქი გახლდათ, ტახტზე ასვლის ოფიციალური ცერემონიალი მოსკოვში იმართებოდა. კორონაციამდე ის ოსტანკინოში გრაფმა შერემეტიევმა მიიპატიჟა. იმ დროს აღნიშნულ მამულში მოღვაწეობდა ღარიბი ქალი, რომელმაც მთელს მოსკოვში სახელი გაითქვა, როგორც ნათელმხილველმა. პავლემ შერემეტიევს აპოვნინა ნათელმხილველი და ისინი ცალკე ოთახში განმარტოვნდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ ის წყნარი სახით გამოვიდა და საზოგადოებას მიმართა:  “მე ვიცი, როდის დადგება ჩემი სიკვდილის ჟამი”.
    ყველასთვის ცნობილი ამბავია, რომ ახალი იმპერატორი სუვოროვს და კუტუზოვს დიდ პატივს სცემდა. ერთხელ მორიგი პატაკის დროს კუტუზოვს საუბარი შეაწყვეტინა და უთხრა, რომ რამდენიმე დღის წინ  პეტრე I დიდის მოჩვენებასთან ჰქონდა საუბარი. გენერლის გადმოცემით, ისე აღელვებულა პავლე, რომ ბრძანებაც გაუცია სასახლის დაცვის გაორმაგებაზე.  ანალოგიური ისტორია 1740 წელს ანა I კურლანდიელს გადახდა, როდესაც საიმპერატორო რეზიდენციაში საღამოს სეირნობის დროს საკუთარი ორეული შეხვდა, რომელიც მალევე გაუჩინარდა, ხოლო იმპერატრიცა ანა კი მომხდარიდან ერთი კვირის თავზე გარდაიცვალა.
   პავლე ვერ იტანდა ზამთრის სასახლეს და ამიტომ მიხაილოვსკის სასახლის რეკონსტრუქცია-მშენებლობა მცირე დროში მოხდა. ნესტიან გარემოში სარკეები წყლით იჟღინთებოდა. ერთ დღეს სარკეში პოზირების შემდეგ, იმპერატორმა მხლებლებს ჩაულაპარაკა:“საოცარია, საკუთარი თავი კისრის არეში ძალიან მახინჯად მეჩვენა”. არავის მიუქცევია ამ ნათქვამისთვის დიდი ყურადღება, მაგრამ იქ მყოფებს ეს დღე გაახსენდათ, როდესაც გაიგეს, რომ გადატრიალების შედეგად პავლე სამხედრო ყელსახვევით დაახრჩვეს.
   როგორც აღვნიშნეთ, პავლე იმპერატორმა სასახლეს “მიხაილოვსკი” დაარქვა მთავარანგელოზ მიქაელის საპატივცემოდ და მისი მშენებლობის დროს ფასადზე იტალიელმა არქიტექტორმა 47 ფრაზა ამოატვიფრინა. სწორედ ეს რიცხვი 1800 წლის შობის ღამეს შეახსენა პეტერბურგელმა ნათელმხილველმა ქსენიამ იმპერატორს და აუწყა, რომ ის 47 წლამდე ვერ მიაღწევდა.
   ყველაზე გასაოცარი წინასწარმეტყველება კი ბერი აბელის გამოხდა, რადგან მან პავლესთან საუბრის დროს იწინასწარმეტყველა რომანოვთა დინასტიის დასრულება რუსეთში. ანდერძიც კი შეადგინა პავლემ, რომლის მიხედვით დალუქული კონვერტი საუკუნის შემდეგ უნდა გაეხსნა უკანასკნელ იმპერატორს.
   სხვათა შორის, სწორედ პავლე უნდა მივიჩნიოთ იმ პიროვნებად, რომელმაც რომანოვთა დინასტიის დასრულება თავიდან ააცილა რუსეთს და სამეფო კარს ოთხი ცესარევიჩი და ხუთი ცესარევნა მოუვლინა, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა.
    ბექა კვიციანი,
“ნიუსფრონტისათვის”