რუსი დიპლომატი “ნიუსფრონტს”: “რუსეთთან უვიზო რეჟიმი გაზაფხულზეა შესაძლებელი”

“ნიუსფრონტი” ესაუბრა ერთ-ერთ მოქმედ რუს დიპლომატს, რომლის ვინაობას არ ვამხელთ, ვინაიდან ეს არ იყო ოფიციალურად ჩაწერილი ინტერვიუ. დიპლომატის ინფორმაციით, სავსებით რეალურია, რუსეთის ხელისუფლებამ უკვე გაზაფხულზე არა მხოლოდ საავიაციო მიმოსვლა აღადგინოს საქართველოსთან, არამედ ჩვენს მოქალაქეებს სავიზო ტვირთიც მოუხსნას.

“სავიზო რეჟიმის გაუქმება შესაძლებელია უკვე მომავალი წლის გაზაფხულზე მოხდეს და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, რუსეთში არავინ ითხოვს თბილისისგან, აღიაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ. საუბარია იმაზე, რომ საქართველომ უარი თქვას პროვოკაციებზე და ძალის გამოყენება გამორიცხოს თეორიულად. ის, რაც ხდება საქართველო-ოსეთის საზღვრისპირა რაიონებში, რუსეთისთვის მიუღებელია. საჭიროა, შეიქმნას ნდობის გარემო და რუსეთი ხელს არ შეუშლის დიალოგის პროცესს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის” – აღნიშნა ჩვენთან საუბარში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

“ძალზე მნიშვნელოვანია, რომ გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საქართველოს ხელისუფლება უბრუნდება საქართველოს ინტერესების გაცნობიერებას. ისეთი წამქეზებლების უკმაყოფილება, როგორიც გენერალი ბენ ჰოჯესია, ამას დამატებით მოწმობს. მაგრამ საჭიროა უფრო გაბედული ნაბიჯები რუსეთის მიმართულებით” – მიიჩნევს რუსი დიპლომატი.

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში დაფუძნებულ “ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრში” გამართულ შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, რეგიონის ქვეყნების როლზე და ნატოს მხრიდან შავი ზღვის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენის საჭიროებაზე ისაუბრეს. გადამდგარმა ამერიკელმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა “ამერიკის ხმასთან” საუბარში ამასთან დაკავშირებით თქვა:

„საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი. მაგრამ სექტემბერში თბილისში ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ, განვიცდი იმას, რომ მთავრობისგან იგივე ენთუზიაზმი ვერ ვიგრძენი, როგორსაც მანამდე ვგრძნობდი. ჯარი ისეთივე პროფესიონალური და თავდადებულია, როგორც ყოველთვის, მაგრამ, მართალი გითხრათ, მთავრობის წარმომადგენლებისგან დასავლური ინტეგრაციის მიმართ ენთუზიაზმი განელებულია“.

ჰოჯესმა აგრეთვე, ფაქტობრივად, მოგვიწოდა, ბოლო ქართველამდე წინ აღვუდგეთ რუსეთს, სანამ დასავლეთი “საშველად” მოვა. მისი თქმით, ქართველმა სამხედროებმა “სწორი” შეიარაღებები უნდა შეიძინონ (იგულისხმება, რა თქმა უნდა, ამერიკული შეიარაღება) და გამოიყენონ ქვეყნის რთული ლანდშაფტი, რათა რუსეთმა საქართველო “ვერ მოინელოს”.  ამასობაში ამერიკა გადაწყვეტს, როდის მოვა საშველად ან საერთოდ მოვა თუ არა – ასე არ თქვა, მაგრამ ეს გამომდინარეობს ბენ ჰოჯესის ნათქვამიდან.