“მატუშკა ცესარევნა” – ვინ აკრძალა რუსეთში სიკვდილით დასჯა

1741 წელს ბრიტანეთის იმპერიის ელჩი პეტერბურგში, ფინჩი, ლონდონში გაგზავნილ კორესპონდენციაში აღნიშნავდა, რომ ელისაბედი პეტრე დიდის ქალიშვილის სახე არ შეესაბამებოდა იმ ადამიანის პროტოტიპს, რომელსაც რუსეთის იმპერიის წიაღში შეეძლო სასახლის გადატრიალების მოწყობა.
და, მოულოდნელად, იმავე წლის 25 ნოემბერს, 31 წლის ელისაბედი პრეობროჟენსკის პოლკის სამხედრო მუნდირში გამოეწყო, სამკუთხა ქუდი მოიზომა და ასე ესტუმრა ამავე პოლკის გრენადარებს.
 – თქვენ იცით ვინ ვარ მე ? გსურთ გამომყვეთ ?
 ჯარისკაცებმა ერთხმად უპასუხეს:
 – როგორ არ ვიცით – მატუშკა ცესარევნა და თქვენი გულისთვის მზად ვართ, წყალსა და ცეცხლს შუა გავიაროთ!
   ელისაბედმა ქუდი მოიხადა, ხელში ჯვარი აიღო და შესძახა:
 – ვფიცავ ამ ჯვარს, რომ მზად ვარ თქვენთვის სიცოცხლე გავწირო! დაიფიცეთ, რომ იმავე ერთგულებით იქნებით ჩემი მსახურნი, რა ერთგულებითაც მამაჩემს ემსახურეთ !
გრენადერებმა ერთხმად დაიფიცეს !
  ასე დაიწყო სასახლის გადატრიალება, რომელშიც 308 სამხედრო მონაწილეობდა და უკვე დილისთვის მცირეწლოვანი ივანე VI ტახტიდან ჩამოგდებულ იქნა. სხვათა შორის, ახალი იმპერატრიცა საკმაოდ ჰუმანური გამოდგა: მოულოდნელად ყველასთვის, თავისი  ბრძანებით მან იმპერიაში სიკვდილით დასჯა გააუქმა.
  ირკვევა ისიც, რომ ელისაბედ I -ს აპრეხილი ცხვირი ჰქონდა და ამიტომაც ის თხოვდა მხატვრებს ეს ,,მინუსი,, ტილოზე არ აღებეჭდათ. ყველა ტილოზე ჩვენ გვხვდება საჭეთმპყრობელის პორტრეტი ანფასში.
  პეტრე დიდი ნადიმების დიდი მოყვარული იყო და ამ მხრივ არც მისი ქალიშვილი გამოდგა გამონაკლისი. მამისგან განსხვავებით, მეჯლისებზე დედოფალმა ერთგვარი ჩაცმულობის მოდა დაამკვიდრა. გაიზარდა ბაჟი მარილზე და ღვინოზე და შედეგად, საიმპერატორო ბიუჯეტმა ნელ-ნელა შევსება დაიწყო. 1746 წლის სპეციალურ დეკრეტში ვკითხულობთ, რომ მიწის საკუთრებაზე უფლება გლეხსაც გააჩნია, რაც იმ პერიოდში წინგადადგმული ნაბიჯი იყო.
   საიმპერატორო კარმა ცნობილი მეცნიერი მიხეილ ლომონოსოვი დიდი პატივით მიიღო. გვირგვინოსნის ბრძანებით ჩამოყალიბდა თეატრი. უნდა აღინიშნოს, რომ თეატრალური წარმოდგენებისთვის კოსტუმებს თავად ელისაბედი არჩევდა. გადაკეთდა თანამედროვე ყაიდაზე პეტერგოფიც. დამკვიდრდა ელისაბედის ბაროკოს სტილიც, რომელიც იტალიელ რასტრელის ეკუთვნის.
  თავად იმპერატრიცა უშვილო გამოდგა და აქედან გამომდინარ,ე ტახტის მემკვიდრედ ცესარევიჩ პეტრეს ამზადებდა, რომელსაც იმ პერიოდში ახლო ურთიერთობა ჰქონდა მიხეილ ლომონოსოვთან. თავად პეტრე კი დედოფლის დის, ანას შვილი იყო.  ელისაბედ I მართლმადიდებლობის გავრცელებას იმპერიის ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს. მაგალითისთვის, 1742 წლის ბრძანებაში წერია, რომ ყველა ებრაელმა უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია. თუმცა თუ ისინი მიიღებენ მართლმადიდებლობას უფლება ეძლევათ დარჩნენ სახელმწიფოში. წლით ადრე კი ბუდისტ ლამებს რუსეთში მოღვაწეობის უფლება მიეცათ. სმოლნის მონასტერი მისი მეფობის დროს აშენდა. ეპისკოპოსმა ლუკამ ისარგებლა რა ახალი დეკრეტით, მარტო ყაზანის ოლქში 418 მეჩეთი დაანგრია.
  ჯერ კიდევ ტახტზე ასვლამდე, რუსეთში მყოფი ევროპელი არისტოკრატი ჰერცოგი ჯეიმს სტიუარტი ასე ახასიათებდა ცესარევნას: “პრინცესა ელისაბედი იმდენად ლამაზია, რომ ასეთი ნაკვთები არასდროს მინახავს. წვეულებებზე ის საოცრად ცეკვავს და სტუმრების ყურადღებას იპყრობს. მაღალი აღნაგობის ადამიანია და საკუთარი სიჭკვიანით კიდევ უფრო მომხიბლველი ხდება”.
 პრუსიის მეფეს ფრიდრიხ II -ს ცარევნა თავხედად თვლიდა და შვიდწლიანი ომის დროს რუსულმა არმიამ კურფიუსტრის საყვარელი ქალაქი ბერლინი შტურმით აიღო. სხვათა შორის, პეტერბურგს ქართული ელჩობები არ აკლდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ელისაბედ I მამის დარად ევროპული მიმართულებით იყო ორიენტირებული, კავკასიის საკითხზე აქცენტი არ იქნა გამახვილებული.
  ოფიციალურად არაა დადასტურებელი, რომ ელისაბედ პეტროვნა გათხოვილი იყო. 16 წლის ასაკში ის უკვე სრულფასოვნად საუბრობდა ფრანგულ ენაზე. მშობლებს კიდეც ქონდათ განზრახვა, ქალიშვილი ბურბონთა დინასტიის საჭეთმპყრობელისთვის – ლუდოვიკო XV-სთვის გაერიგებინათ, მაგრამ ფრანგები პეტრე დიდის წინადადებაზე თავს იკავებდნენ.  პეტრე დიდის ქალიშვილი პოემებს წერდა და ერთ-ერთი გენერალ-პორუჩიკს შუბინს მიუძღვნა, რომელიც მის ფავორიტად ითვლებოდა.
   ელისაბედ I-ს შეეძლო წვეულებებზე გამოჩენილიყო ხან უკრაინელი ჰეტმანის უნიფორმით, ხანაც კი ფრანგი მუშკეტერის. უზრდელობას ვერ იტანდა და კანონიც კი გამოუშვა, რომლის მიხედვით უცენზურო სიტყვები აკრძალა. ქალაქებში სწრაფი ჯირითიც აიკრძალა. მოსახლეობის  აღწერაც ჩაატარა.
    იმპერატრიცა გარდაიცვალა ყელიდან სისხლის დენით, რომელიც მას მმართველობის ბოლო წლებში ქრონიკულად აწუხებდა. მისი გამოსახულებით მონეტების გამოშვება თითქმის აკრძალა პეტრე III-მ, მაგრამ რას წარმოიდგენდა ეს უკანასკნელი, რომ იმავე ბედს მომავალში მისი გამოსახულებით მონეტა თავად გაიზიარებდა…
 ბექა კვიციანი