ევროპელები შფოთვას და მოწოდებებს განაგრძობენ – “უყვართ” საქართველო

გერმანია მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერასა და დახმარებას, რადგან იგი გერმანიის სანდო და ღირებული პარტნიორია ევროპაში , – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა თავის ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან ბერლინში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

“გერმანიის ურთიერთობები საქართველოსთან ძალიან მჭიდროა და ნდობით აღსავსე. საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაში. საქართველო არის ჩვენი სანდო, სტაბილური და ღირებული პარტნიორი ევროპაში. ამიტომაც ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინიციატივას ევროპული ინტეგრაციის შესახებ და გვინდა, რომ საქართველოში ადამიანებმა იგრძნონ ევროპაში ინტეგრაციის ეს შედეგები. გვსურს, პირველ რიგში, გავაძლიეროთ თანამშრომლობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, იმისთვის, რომ იგი ხელშესახები იყოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას და დახმარებას”, – განაცხადა მაასმა.

მაასი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზეც ზრუნავს:

“რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით. საქართველოს სუვერენიტეტი არ არის ჩვენთვის ვაჭრობის საგანი. ქართველები უკვე ორი წელია უვიზოდ მოგზაურობენ გერმანიაში. თავად ქართველებს საქართველოში კი ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზს უკეტავენ და ადამიანებს გადაადგილების თავისუფლება მასიურად ეზღუდებათ “სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთში. ბევრ მათგანს ძალადობრივად აკავებენ და ამას ბოლო უნდა მოეღოს”, – განაცხადა მან.

ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს და აბსტრაქტულად გამოთქვამს მზადყოფნას, “დაგვეხმაროს”:

“ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მხარეები დიალოგის გზით შეძლებენ საკითხის გადაჭრის გზების პოვნას. თუკი ჩვენც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში სიამოვნებით გავაკეთებთ ამას”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.