თურქეთის სტრატეგიული ურთიერთობები სპარსეთის ყურის სახელმწიფო ყატართან ღრმავდება და ვითარდება. 25 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით დოჰაში ჩაფრინდა.
ყატარში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა ამ ქვეყანაში მოქმედი ტარიკ ბინ ზიიდის სახელობის თურქეთ-ყატარის ერთობლივი ძალების ყაზარმა მოინახულა და აქ წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, რომ არავის არ უნდა აწუხებდეს თურქეთის აქტიურობა სპარსეთის ყურის რეგიონში.
“თურქულ არმიას 2 ათას-200 წლოვანი ისტორია აქვს და როგორც უწინ, ახლაც მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე ძლიერი არმიაა. ყატარში მომსახურე თურქი სამხედროები ამ არმიის ერთგული წარმომადგენლები არიან. თქვენ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც ემსახურებით ჩვენი სამშობლოსა და ხალხის უსაფრთხოებას, ხოლო ამის პარალელურად რეგიონის მოძმე ქვეყნების უსაფრთხოებისა და მშვიდობა-სტაბილურობის დაცვაშიც წვლილი შეგაქვთ, ამიტომაც მე, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი, გულში გიხუტავთ და გკოცნით ყველას“, – განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ ანკარა ეხმარება ყატარს სამხედრო ინსტიტუციების მოდერნიზაციაში, ხოლო ამასთან ერთად თანამშრომლობის დივერსიფიკაციას ახდენს როგორც სამხედრო განათლებისა და სწავლების, ასევე თავდაცვისუნარიანობის განვითარების, ტრენინგებისა და სამხედრო წვრთნების სფეროშიც. მისივე თქმით, ანკარას ღრმა ფესვები აკავშირებს სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთან და აქედან გამომდინარე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონის უსაფრთხოებასაც და სტაბილურობასაც.
ერდოღანმა დაასრულა ვიზიტი ყატარში და სამშობლოში დაბრუნდა.