კიდევ ერთი ომი რუსეთსა და საქართველოს შორის – 2020 წელს?! – ირაკლი გოგავა

20 ივნისის „გავრილოვის მოვლენები“, 10 სექტემბერს მაკკეინის ინსტიტუტის კონფერენცია თბილისში, ზოგიერთი იდეები ანაკლიის პორტზე, 17 ნოემბრის, 25 ნოემბრის პროტესტის აქციები ერთი დიდი სცენარის ნაწილია, რომლის მიზანი იმაზე შემაძრწუნებელია ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს,-ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეცოალისტი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა აცხადებს.

მისივე თქმით, ამ სცენარის საჯარო ნაწილის განხორციელება 10 სექტემბერს დაიწყო, როდესაც მაკკეინის ინსტიტუტმა და დევიდ კრამერმა ჩაატარეს კონფერენცია ნაციონალებთან და სხვა ქართველ ნეოლიბერალებთან ერთად.

„ეს ის შეხვედრაა, რომელზეც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მივიდა და დევიდ კრამერი მას მონაწილეობის მიღებას უკრძალავდა. საინტერესოა ამ კონფერენციის მონაწილეები:

ბენ ჰოჯესი – აშშ-ს გადამდგარი გენერალი. არასამთავრობო „ევროპული ანალიზის ცენტრის“ ხელმძღვანელი და აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპის აქტიური მოწინააღმდეგე.
კურტ ვოლკერი, პროფესიონალი დიპლომატი. იყო უკრაინის კონფლიქტში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი. ის სენატორ ჯონ მაკკეინის აპარატში მუშაობდა 90-იან წლებში. „ამერიკის ხმის“ ქართველი ჟურნალისტი ია მეურმიშვილი მისი მეუღლეა და წელს მათ ქორწილში მეჯვარეებად ნაციონალების „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე და რესპუბლიკელი თამარ კორძაია იყვნენ. კურტ ვოლკერი კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა და დაიკითხა კიდეც. განეკუთვნება მაკკეინის ნეოკონსერვატორების ჯგუფს.
დევიდ კრამერი – მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი, „Freedom House”-ის ყოფილი დირექტორი, იყო ჯონ მაკკეინის თანაშემწე. 2016 წელს მან გამოაქვეყნა ბრიტანელი მზვერავის ქრისტოფერ სტილის დოსიე ტრამპზე, რომლის მიხედვით, რუსეთს გააჩნდა კომპრომატი ტრამპზე. კრამერმა აღნიშნული დოსიე მაკკეინს და კონგრესმენ ადამ კინცინჯერს გადასცა, რომელიც სულ ახლახანს კვლავ ესტუმრა საქართველოს და ისიც მაკკეინის ნეოკონსერვატორების ჯგუფს უნდა მივაკუთვნოთ. პროკურორ მიოლერის ჩატარებული გამოძიებით არ დადგინდა ტრამპის რაიმე ხასიათის კავშირი რუსეთთან, მათ შორის კრამერის მოპოვებული „ტრამპის დოსიეს“ სინამდვილეც არ დადასტურდა.
ბათუ ქუთელია – სააკაშვილის ელჩი აშშ-ში, თავდაცვის მინისტრის მოადგილე 2008 წელს. ამჟამად აშშ-ში თანამშრომლობს ამერიკულ კვლევით ცენტრებთან: მაკკეინის ინსტიტუტი, ატლანტიკური საბჭო და სხვა.
მეთიუ ბრაიზა – 2005 წლიდან დაინიშნა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ და სააკაშვილს დაუმეგობრდა. მისი მოღვაწეობა ნაციონალების რეჟიმის სასარგებლოდ ცნობილია. 2010 წელს ის აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩად დაინიშნა, თუმცა სომხურმა ლობიმ გააპროტესტა და სენატმა ის არ დაამტკიცა ელჩად. მას სახელმწიფო დეპარტამენტის დატოვება მოუწია. დღეს სოკარის თურქული ფილიალის მრჩეველია და თანამშრომლობს ამერიკულ კვლევით ცენტრ „ჯეიმსტაუნის ფონდთან“.
მაიკლ კარპენტერი – „ბაიდენის ცენტრის“ დირექტორია, ასევე მუშაობს „ჯეიმსტაუნის ფონდში“. სააკაშვილის რეჟიმის დროს აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილე იყო და მეთიუ ბრაიზასთან ერთად საქართველოს ხშირად სტუმრობდა. 2019 წლის 20 ივნისის „გავრილოვის მოვლენებამდე“ 5 დღით ადღე თბილისში ჩამოვიდა. 18 ივნისს თავის „ტვიტერზე“ დაწერა, რომ საქართველო მთავრობას არ ესმის რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის და რუსი ტურისტების შემოსვლის საფრთხე, რადგან ტურისტებს შორის ფსბ-ს აგენტები შეიძლება იყვნენო. მისი ეს ვიზიტი უნდა უკავშირდებოდეს 20 ივნისის მოვლენებს, ვინაიდან გავრილოვის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში რამოდენიმე კვირით ადრე იყო ცნობილი.
რენდი შონემანი – ამერიკელი ლობისტი, რომელიც წლებია სააკაშვილს და მის პარტიას ლობირებს. 2004 წლიდან მას სააკაშვილისგან ბევრი ფული აქვს აღებული და ეს ყველაფერი ოფიციალურად გამოქვეყნებულია აშშ-ში. 2002-2003 წლებში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ეხმარებოდა ამერიკის ერაყში ინტერვენციის პოპულარიზაციაში. იყო მაკკეინის 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი. მისი ლობისტური კომპანიებია Orion Strategies, Sheuneman and associates, Mercury Group. ის ჩამოყვა მაკკეინს საქართველოში 2008 წლის გაზაფხულზე, აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე. 2008 წლის 14 აგვისტოს, ამერიკული გაზეთი „Houston Chronicles” წერდა, რომ საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს სამი რამ: მაკკეინის დაინტერესება საქართველოთი, რენდი შონემანის ლობისტური ბიზნესი საქართველოს მთავრობასთან და რუსული აგრესია საქართველოში.
დენიელ ფრიდი( მარცხნივ) – ამერიკელი დიპლომატი, 2005-2009 წლებში იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, მეთიუ ბრაიზას უფროსი. მანამდე კი პრეზიდენტ ბუშის მრჩეველი. ის ცნობილია, როგორც სომხების გენოციდის აღიარების მოწინააღმდეგე და სააკაშვილის მმართველობისას აგვისტოს ომამდე აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოსთვის შეიარაღების გადაცემას. 2017 წელს პენსიაში გავიდა.
გენერალი ფილიპ ბრიდლავი – გადამდგარი გენერალი, რომელიც გამოირჩევა ანტირუსული რიტორიკით. ქართველებს კი რჩევას გვაძლევს, რომ ჩამოვაყალიბოთ ანტირუსული სამხედრო კოალიცია. ის აცხადებს, რომ საქართველო მზად არის ნატო-ს წევრობისთვის. მისი განცხადებები მედიაში ძირითადად რუსეთს შეეხება და ამ კონტექსტში საქართველოს და უკრაინას.

ეს ხალხი წარმოადგენს ნეოკონსერვატორების ჯგუფს, შეგვიძლია ასევე „მაკკეინის ჯგუფი“ ვუწოდოთ და მათ მთავარ მიზანს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებაა. არ ვფიქრობ, რომ დემოკრატები ამის მონაწილეები არიან. ამ ჯგუფის მიერ გადადგმული ნაბიჯების ანალიზი ცხადყოფს, რომ ისინი 2004 წლის და 2008 წლის მსგავსი სცენარის გამეორებას ცდილობენ, როდესაც ბუში-კერის და ობამა-მაკკეინის საპრეზიდენტო ბრძოლები მიმდინარეობდა აშშ-ში, პარალელურად კი, სააკაშვილი საქართველოში ზუსტად ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წლებში სამხედრო მოქმედებებში ებმებოდა.

რა მოხდა 2004 წელს?
2004 წლის 2 ნოემბერს ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც რესპუბლიკელმა ჯორჯ ბუშმა ჯონ კერის მხოლოდ 2%-ის სხვაობით მოუგო. რესპუბლიკელები 2004 წელს ანტირუსულ პლატფორმაზე იყვნენ, ხოლო დემოკრატები რუსეთთან რბილ მიდგომებს არჩევდნენ. ამერიკაში რუსეთის მიმართ პოლიტიკოსის პოზიცია ფაქტორია ამომრჩევლისთვის, რადგან მასიური ანტისაბჭოთა და ანტირუსული პროპაგანდის ქვეშ იყვნენ სსრკ-ს დაშლამდე მთელი თაობები. მათ ეშინოდათ, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს დაუშენდა და გაანადგურებდა. ეს თაობები დღესაც ამომრჩეველია და ძველი შიშები მათ არჩევანზე გავლენას ახდენს. შედეგად ამერიკელების 60%-ს რუსეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

2003 წელს ჩამოაგდეს შევარდნაძე და 2004 წელს სააკაშვილმა დაიწყო ცხინვალთან მეტ-ნაკლებად დალაგებული ურთიერთობების დაძაბვა. 2004 წლის მაისის ბოლოს სამხედრო შენაერთები შეიყვანა კონფლიქტის ზონაში და დაიწყო სამხედრო მოქმედებები. საშუალო და დაბალი ინტენსივობის სამხედრო მოქმედებები შეწყდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშშ-ში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები 2 ნომბერს და გაიმარჯვა ჯორჯ ბუშმა. 5 ნომებერს კი ოსებთან ზავის შეთანხმებას მოეწერა ხელი. შესაძლოა, ეს ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ მხარდაჭერის სანაცვლოდ გაკეთდა. ცხინვალის რეგიონში 5-თვიანი სამხედრო დაპირისპირება შუქდებოდა ამერიკულ მედიაში ანტირუსული განცხადებების ფონზე.

რა მოხდა 2008 წელს?

2008 წლის ნოემბერში აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს დემოკრატი ობამა და რესპუბლიკელი მაკკეინი უპირისპირდებოდნენ. მოქმედი პრეზიდენტი რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში იყო. ობამა რუსეთთან რბილი პოლიტკის მომხრე იყო, ხოლო მაკკეინი პირიქით. ნათელი იყო, რომ ნებისმიერი გამწვავება რუსეთთან მაკკეინის წისქვილზე დაასხამდა წყალს. 2006 წლიდან იწყება საქართველოს აქტიური შეიარაღება. 2004 წელს თავდაცვის სამინისტროს 127 მილიონი ლარი ჰქონდა, 2006 წელს 684 მლნ, 2007 – 1.4 მლრდ, 2008 – წელს 1,54 მლრდ. 2008 წლის თებერვალში კოსოვო სერბეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს და აშშ-ს რესპუბლიკური ხელმძღვანელობა მას რუსეთის იგნორირებით დაუყოვნებლივ ცნობს. რუსეთმა დაიწყო ადეკვატური პასუხის ძიება მისი ისტორიული მოკავშირის – სერბეთის „დაჩაგვრისთვის“. აქ სავარაუდოდ გათვალისწინებული იყო რუსეთის ხელისუფლების იმპულსიური ხასიათი.

2008 წელს აგვისტოს ომის დაწყებამდე სოციოლოგიურ კვლევებში ობამა მაკკეინს 11%-ით ასწრებდა. ომის დღეებში კი ეს განსხვავება 2-3%-მდე დავიდა – ეს კი ცდომილების მარჟაა, რომლითაც ნებისმიერ მხარეს შეუძლია არჩევნები მოიგოს. ამან დემოკრატები შოკი ჩააგდო, რომელთაც უზარმაზარი ფული ჰქონდათ კამპანიაზე დახარჯული და სააკაშვილის გამო შეეძლოთ ყველაფერი დაეკარგათ. ობამას გაუმართლა, სააკაშვილმა კაპიტულაცია მალე გამოაცხადა, პარტიზანული წინააღმდეგობისთვის მომზადებული 100,000-იანი რეზერვი, რომელსაც საომარი მოქმედებები რამდენიმე თვე უნდა ეწარმოებინა მოუმზადებელი აღმოჩნდა. დაიწყო საქართველოს ოკუპაცია. ომის აქტიური ფაზა შეჩერდა და ობამას რეიტინგმა კვლავ ზრდა განაგრძო. საბოლოოდ ობამამ არჩევნები მოიგო და სააკაშვილს დემონსტრაციულად არ ხვდებოდა. ბოლოს როცა შეხვდა უთხრა მშვიდობიანად უნდა წახვიდეო. ამ ავანტიურის შედეგად, საქართველომ დაკარგა 100-მდე სოფელი ცხინვალის რეგიონში, მიიღო 60,000 დევნილი, დაიღუპნენ ქართველი პატრიოტები, არმიის მძიმე ტექნიკის დიდი ნაწილი რუსებმა წაიღეს, რუსეთმა წაიღო ახალგორის რაიონი, ქართული ანკლავები, კოდორი, ერმა მიიღო უდიდესი ფსიქოლოგიური ტრამვა, რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივა მოკლა. საქართველოს ნატო-ში წევრობის დეკლარაცია, რომელიც 2008 წლის აპრილში ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიიღეს, შესაძლოა ამ პაზლის ნაწილი ყოფილიყო და საქართველოს მიმართ რუსეთის კიდევ უფრო გაღიზიანებას ისახავდა მიზნად. მაკკეინს რომ გაემარჯვა, საჭირო იყო ანტირუსული ფონის შენარჩუნება და საქართველოში საბრძოლო მოქმედებების მინიმუმ ნოემბრამდე წარმოება, რაც სააკაშვილმა ვეღარ მოახერხა.

აშშ-ს 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები

აშშ-ში როლები შეიცვალა: განსხვავებით 2008 წლისგან, ახლა დემოკრატები არიან უფრო ანტირუსულ პოზიციაზე, ვიდრე ტრამპი და რესპუბლიკელები. გამოდის, რომ რუსული თემის წინ წამოწევა აწყობთ დემოკრატებს. კვლევების მიხედვით, ამერიკელების 60%-ს რუსეთი მიაჩნია მთავარ საფრთხედ. ამიტომაც ტრამპი ცდილობს, რომ მთავარ საფრთხედ ჩინეთი წარმოაჩინოს და მასთან სავაჭრო ომი წამოიწყო, ხოლო რუსეთთან შეარბილა პოზიციები. ტრამპის დასამარცხებლად საჭიროა რუსეთის აგრესიის დემონსტრირება ამომრჩევლისთვის წინასაარჩევნოდ. ამის გაკეთება კი ყველაზე მარტივად და იაფად ორ ადგილას შეიძლება: უკრაინა და საქართველო. ორივე ქვეყანას აქვს იმიჯი, რომ ამერიკის მოკავშირეა და მათ წინააღმდეგ რუსეთის ნაბიჯები ამერიკის წინააღმდეგ ქმედებად იქნება ნაჩვენები.

ჩანს, რომ საქართველოს ამერიკის შიდაპოლიტიკურ წინასაარჩევნო ინსტრუმენტად გამოყენების პროექტს ნეოკონსერვატორები (მაკკეინის ჯგუფი) ჩაუდგნენ სათავეში. ამისათვის კი, ისევ გამოცდილი და მათთვის სანდო პარტნიორები სჭირდებათ ადგილზე ანუ ნაციონალური მოძრაობა, რადგან ეს ძალა ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერზე წამსვლელია და 2004 წელს სამხედრო კონფლიქტში, 2008 წელს კი ქვეყნის ომში ჩართვით ეს დაამტკიცა.

20 ივნისის „გავრილოვის მოვლენები“ დაგეგმილი ოპერაციაა საქართველოში ახალი ანტირუსული ემოციური ტალღის ასაგორებლად. გათვლა იყო, რომ რუსეთის იმპულსურ ხელისუფლებას მკვეთრი ანტიქართული რეაქცია ექნებოდა ამ ყველაფერზე და მოჰყვა კიდეც: რუსებმა ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა აკრძალეს, საქართველომ $350 მლნ დაკარგა, ეს მიუღებელი შემოსავალი ყოველდღიურად იზრდება, რუსულ მედიაში კი მძლავრი ანტიქართული კამპანია დაიწყო. აპირებდნენ ეკონომიკურ ემბარგოსაც, მაგრამ გააჩერეს ანტიქართული კამპანია – სავარაუდოდ მიხვდნენ, რომ საქმე დაგეგმილ ოპერაციასთან ჰქონდათ.

ტრამპის მოსაშორებელი სცენარის მიხედვით, უნდა მოვიდეს მათთვის სანდო ხელისუფლება, რათა მოხდეს რუსეთის პროვოცირება და სამხედრო აგრესია საქართველოს ტერიტორიაზე. ამის გაკეთება კი უმარტივესია – ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვარზე ნებისმიერი სამხედრო ან ნახევრადსამხედრო ნაბიჯი ავტომატურად გამოიწვევს რუსების საპასუხო სამხედრო ხასიათის რეაქციას. ნიადაგის მომზადებას ემსახურება სხვადასხვა ქართული ორგანიზებული ჯგუფების ჩასვლა ე.წ. საზღვართან და აქცია-პერფორმანსების გამართვა. თუ დავაკვირდებით, მსგავსი არ იმართება ენგურის ხიდთან, სადაც სიტუაცია ანალოგიურია. იდეალური დრო ამისათვის 2020 წლის ოქტომბერია, როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია, რადგან რუსეთ-საქართველოს სამხედრო დაპირისპირების გაწელვა ამერიკის არჩევნებმდე ანუ 2020 წლის 3 ნოემბრამდე რეალისტურია.

სცენარის მონაწილეები
მონაწილეები ორ კომპონენტად შეიძლება დავყოთ: უცხოელები და ადგილობრივები. უცხოელებს შორის ავანგარდში ნეოკოსერვატორები (მაკკეინის ჯგუფი) არიან, მათ აქვთ გავლენები ზოგიერთ ამერიკულ და საერთაშორისო მედიაზე, კვლევით ცენტრებზე. ცნობილია, რომ საერთაშორისო მასშტაბის ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მოზრდილი ნაწილი ტრამპის მოწინააღმდეგენი არიან, რადგან ტრამპმა თითქმის 40%-ით შეამცირა მათი დაფინანსება, სახელმწიფო დეპარტამენტში და USAID-შიც ბევრნი არიან ტრამპით უკმაყოფილონი. სავარაუდოდ, ეს ჯგუფი ლობირებდა სააკაშვილის მეგობარ ბრიჯიტ ბრინკსის საქართველოში ამერიკის ელჩად დანიშვნას, თუმცა უშედეგოდ. ეს მიგვანიშნებს, რომ მათ არ აქვთ ყოვლისმომცველი გავლენა. თუმცა, პრობლემების შექმნა უდაოდ შეუძლიათ.

ტრამპის იმპიჩმენტის მოსმენები ამერიკის კონგრესში სავარაუდოდ არ დამთავრდება იმპიჩმენტით, რადგან სენატს რესპუბლიკელები აკონტროლებენ. თუმცა პროცესის დროს ყველაფერი კეთდება იმის საჩვენებლად, თითქოს ტრამპი ვერ ერკვევა საგარეო პოლიტიკაში, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტის პროფესიონალები ძალზედ კვალიფიცირებულნი არიან და მიჰყავთ იქეთკენ, რომ ტრამპს საგარეო ურთიერთობებში შეუკვეცონ რელაური გავლენა. შედეგად ეს ძალები შექმნიან ანტირუსული დაძაბულობის კერებს წინასაარჩევნოდ.

ადგილობრივ მონაწილეებს შორის კი, ავანგარდი ნაციონალური მოძრაობაა, რომელიც მზად არის კიდევ ერთხელ ჩაგვაგდოს რუსეთის ხახაში იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. დანარჩენი მონაწილენი კი ვიწროპარტიული აზროვნების პოლიტიკოსები, გრანტებზე მიწებებული ჯგუფები, ზერელე აზროვნების ჟურნალისტები და ხელისუფლებაზე განაწყენებული „სასარგებლო იდიოტები“ არიან. ისეთებიც მრავლად არიან ვისაც თავისებურად რელაურად სურს ქვეყნისთვის სიკეთე და ვერ ხვდებიან, რომ მათ ენერგიას სულ სხვა მიზნებისთვის იყენებენ.

ანაკლიის პორტი

ამერიკის და რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის ემოციური განწყობების შესაქმნელად 2008 წელს გამოიყენეს კოსოვოს აღიარება და შემდგომ ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე ჩანაწერი დეკლარაციაში საქართველოს და უკრაინის ნატო-ში სამომავლოდ მიღების თაობაზე. ამ ორმა ნაბიჯმა იმპულსური რუსეთი კიდევ უფრო იმპულსური გახადა და შედეგად თავს დაესხა საქართველოს. დღეს ანაკლიის პორტის გამოყენება სურთ რუსეთისთვის საფრთხობელას როლში: თითქოს ეს პორტი პოტენციურად ამერიკის სამხედრო გემებისთვის ან/და წყალქვეშა ნავებისთვის კეთდებოდეს. რეალურად კი ეს სავაჭრო პორტის პროექტია. აქ მთავარია, რუსეთი დააჯერონ, რომ საფრთხე ანაკლიაში (აფხაზეთის საზღვრიდან 10კმ-ში) ამერიკული სამხედრო-საზღვაო შემადგენელის შესახებ რეალურია. ამას მოჰყვება სისტემატური განცხადებები გადამდგარი გენერლებისგან და სხვა სახელოვანი ფიგურებისგან (რასმუსენის მსგავსი), რომ საქართველო უნდა მივიღოთ ნატოში, უნდა განვათავსოთ ამერიკული სამხედრო ბაზები საქართველოში (ლუკ კოფი). შესაძლოა, ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის მსგავსი კიდევ იქნას მიღებული ან სხვა რამ მოიფიქრონ, თუმცა ჩვენთვის საქმე რეალურად წინ არ წავა. ეს ყველაფერი კი რუსეთისთვის ნერვიული ფონის შესაქმნელად არის აუცილებელი. გათვლა არის იმაზე, რომ რუსეთი აიძულონ გადადგას აგრესიის ნაბიჯი საქართველოს მიმართ, ხოლო ადგილობრივ ძალებს კი პროვოცირება დაევალება უშუალოდ ადგილზე იმოქმედონ. სწორედ ასეთი სცენარი იქნება ტრამპისთვის წამგებიანი ამერიკის საარჩევნო კამპანიაში.

ამ სცენარს უკრაინისთვისაც ამზადებდნენ, სააკაშვილის უკრაინული მისია ამაში მდგომარეობდა და მდგომარეობს. პოროშენკო აყვა კიდევაც ამ ვექტორს. თუმცა ზელენსკის მოსვლამ შეცვალა იქ რეალობა. ევროკავშირის პრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინა შემდგომი 25 წელი ვერ გახდება ვერც ევროკავშირის და ვერც ნატო-ს წევრი, შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ ევროკავშირს არ სურს უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების ცხელი ფაზა თავის საზღვრებთან. იუნკერის ეს განცხადება ცალსახად უბიძგებს უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებისკენ. საქართველო კი შორსაა და ვეროპა ზედმეტად არ ინერვიულებს.

ანალიზი ცხადყოფს, რომ ამ სცენარის დირიჟორებს ნაკლებად აინტერესებთ, როგორი სისტემით ჩატარდება საქართველოში არჩევნები. მათთვის მთავარია, რომ შეირყეს სტაბილურობა, დაეცეს ხელისუფლების იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე. ისინი კარგად ხედავენ, რომ ქუჩის პროტესტები არ არის მასობრივი. 22 პარტია მხლოდ 4-5 ათას კაცს აგროვებს ქუჩის აქციებზე. უცხოურ პრესაში კი გადაიცემა 10 ან 20 ათასი. მათთვის მთვარია პოლიციის და დემონსტრანტების შეტაკებების, დაძაბულობის, კრიზისული სიტუაციების ვიზულაური მასალა მიეწოდოს დასვლეთს ანუ ხელოვნურად იძაბება სიტუაცია ქვეყანაში, რათა დასავლეთში შეიქმნას აზრი, რომ საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია, ქვეყანა რუსეთისკენ მიდის და საჭიროა სასწრაფო ცვლილებები, თანაც ისეთი ცვლილებები, რომ ხელისუფლებაში ნაციონალები დაბრუნდნენ. წვრილ პარტიებს კი კოალიციაში ადგილებს პირდებიან და ამით ხიბლავენ. ასეთ რეპორტაჟებს უცხოური სააგენტოების მიკერძოებული ქართველი ჟურნალისტები აგზავნიან ძირითადად.

ამის წაყრუება არ შეიძლება, დასავლეთს უნდა მიეწოდოს რეალური ინფორმაცია. ამ მიმართულებით არ ჩანს რომ რამე კეთდებოდეს. ვითარება განსხვავდება 2003 წლის გადატრიალებისგან: ივანიშვილი მყარად დგას და მნიშვნელოვანი მინისტრები მისი ერთგულები არიან. აუცილებელია საზოგადოების ერთიანობა არა რომელიმე ფიგურის გარშემო, არამედ ქვეყნის დამღუპველი სცენარის არ დასაშვებად.

ჩვენთვის უცნობია, აანალიზებს თუ არა ხელისუფლება ქვეყნისთვის კარს მომდგარ საშიშროებას. სავარაუდოდ, რაღაც ნაწილი მაინც მათთვის ცნობილი უნდა იყოს. თუ ეს სცენარი განხორციელდა ჩვენ შესაძლოა კიდევ მეტი ტერიტორიები ან საერთოდ დამოუკიდებლობა დავკარგოთ. აუცილებელია, ვიხმაროთ ყველა ღონე, რომ საქართველო არ იქნას გამოყენებული ინსტრუმენტად სხვის თამაშებში. აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და საქართველო არ უნდა ჩაერიოს აშშ-ს რომელიმე პარტიის ან კანდიდატის სასარგებლოდ. მსგავსი ჩარევები ქვეყნებისთვის ცუდად სრულდება. ამის მაგალითია 2008 წლის აგვისტოს ომი, უკრაინის ხელისუფლების მიერ კლინტონის შტაბის მხარდაჭერა 2016 წელს და ახლა მიმდინარე საიმპიჩმენტო პროცესში უკრაინის როლი. რუსეთთან კიდევ ერთი ომი დაანგრევს საქართველოს, ისედაც დაცლილ ქვეყანას კიდევ უფრო დააცარიელებს, ეკონომიკა განადგურდება, დევნილების ახალი ტალღები და უმუშევართა რიგები შეიქმნება.

არსებობს ეფექტური გზები იმისათვის, რომ აღკვეთილ იქნას მსგავსი სცენარის განმეორება საქართველოში. საჭიროა ღია საუბარი აშშ-ს ხელისუფლებასთან, დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებთან, რომ არ დაუშვან მოვლენების მსგავსი განვითარება. ასევე საჭიროა საუბარი მოსკოვსა და ბრიუსელთან ამ თემაზე. დღეს საქართველოს საკითხი ნამდვილად არ არის ამერიკის საგარეო პოლიტიკის ტოპ საკითხებში, ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქიდან წამოვა სწორედ აღწერილი სცენარის ფილტრში უნდა გავატაროთ. ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ველოდები, რომ წამოვა დიდი შეტევა, ამ ანალიზს მონათლავენ მორიგ კონსპირაციულ თეორიად, სიბრიყვედ, უვიცობად… მაგრამ ვფიქრობ საზოგადოება გაანალიზებს წარსულ მოვლენებს, არსებულ საფრთხეებს და მხარში დამიდგება.
ბოროტება იმარჯვებს მაშინ როცა სიკეთე დუმს!
ღმერთმა დაიფაროს საქართველო!“-წერს ირაკლი გოგავა.

წყარო: ავტორის ფეისბუკ-გვერდი