პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელმა, ხასო ხანგოშვილმა განუცხადა, მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების გვარებს შორის დაპირისპირება არც ისე დიდი ხნის კონფლიქტს უკავშირდება.
ხანგოშვილის ინფორმაციით, მუთოშვილები და ქავთარაშვილები შერიგებასაც აპირებდნენ, თუმცა დღეს მათ შორის შეხვედრა მკვლელობით დასრულდა.
„თითქოს შერიგება უნდა მომხდარიყო, შეხვდნენ ერთმანეთს ახალგაზრდები და ეს მოხდა. კონფლიქტი არც ისე დიდი ხანია, რაც არსებობდა, თუმცა როგორც ვიცი, მიზეზი რაღაც უმნიშვნელო ამბავი იყო. მეტი არაფერი ვიცი“,- განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.
ცნობისთვის, პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი. მოკლულია ვისი მუთოშვილი, დაჭრილები კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.