ორი დიპლომატის შეხვედრის ფორმატი არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილებებით არ დაგვირგვინდება – გამომდინარეობს აწ უკვე ფედერაციის საბჭოში მომუშავე რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის სიტყვებიდან.
პრაღის მორიგი შეხვედრის წინ კარასინმა და აბაშიძემ კომენტარები გააკეთეს “იზვესტიასთან” საუბარში.
საავიაციო მიმოსვლის აღდგენის საკითხის გარდა (რომელიც 2020 წლის გაზაფხულამდე არ იგეგმება), მხარეები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითზეც ისაუბრებენ, რომელიც დღემდე ცხინვალში რჩება.
“ეს ჩვენს დღის წესრიგს პირდაპირ არ ეხება, მაგრამ მნიშვნელოვანია, განვიხილოთ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხი. ქართული მხარისათვის ეს პრიორიტეტული საკითხია. იმედი მაქვს, რომ ექიმი გათავისუფლებული იქნება” – გამოთქვა ვარაუდი აბაშიძემ.
კარასინი კი მიიჩნევს, რომ თუმცა პრაღის ფორმატში “აკრძალული თემები არ არსებობს”, მაგრამ ექიმის გათავისუფლების საკითხი, მისი აზრით, უმჯობესია, განხილულ იქნას ჟენევის დისკუსიებზე, სადაც სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებიც იქნებიან.
“გარდა ამისა, თბილისმა პირდაპირ უნდა ესაუბროს ცხინვალს. იმედი მაქვს, ასეთ ინციდენტები მომავალში საკმაოდ ოპერატიულად მოგვარდება. ისინი დაღს ასვამენ რეგიონში არსებულ ვითარებას, პოლიტიკურ ატმოსფეროს” – აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
გარდა აღნიშნული თემებისა, აბაშიძე და კარასინი განიხილავენ სავაჭრო-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და საბაჟო-საპროცედურო საკითხებს. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, კონკრეტული ამ მხრივაც არაფერია მოსალოდნელი.