ვაჟა სირაძე: ვიდრე პარლამენტის პიკეტირების საფრთხე იქნება,რკინის კონსტრუქციებით გზა გადაიკეტება

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინის ბარიკადები უსაფრთხოების მიზნით დადგეს, რომ აქცის მონაწილეების მხრიდან პოლიციის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს არ ჰქონდეს ადგილი. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რკინის კონსტრუქციებით გზის გადაკეტვა გაგრძელდება, ვიდრე აქცია გაგრძელდება და პარლამენტის პიკეტირების საფრთხე იქნება.

„უსაფრთხოების მიზნით გადავწყვიტეთ, რომ დაგვედგა რკინის კონსტრუქციები, რომ არ ყოფილიყო აქცის მონაწილეების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები პოლიციის მიმართ. ჩვენ ვმოქმედებთ ადეკვატურად და შესაბამისად, რომ კარგად დავიცვათ საზოგადოების უსაფრთხოება. ეს იქნება ვიდრე გამართავენ აქციას და მოახდენენ პარლამენტის ბლოკირებას. ვინაიდან უკვე არაერთი ფაქტი იყო იმის, რომ ამ ადამიანებმა მოახდინეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და განაცხადეს, რომ კვლავ აპირებდნენ ამას, პოლიციამ გაატარა შესაბამისი ზომები“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან ჯებირები მიიტანეს. 12:00 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომაა ჩანიშნული, მანამდე კი კომიტეტების სხდომები უნდა გაიმართოს.