უმრავლესობას თუ სურს, დიალოგი შედგება, ოღონდ ჩვენ არაფერზე თანახმა არ ვართო, განაცხადა უდუმაშვილმა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის პიკეტირება დღესაც გაგრძელდება. უდუმაშვილის თქმით, კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი, ხელისუფლების მხრიდან საღი აზრის გამოჩენა და დათმობაზე წასვლა იქნება:

“თუ ისინი განაცხადებენ, რომ მზად არიან ჩვენი კონკრეტული შეთავაზება განიხილონ, მაშინ დიალოგი შედგება და განვიხილავთ. მაგრამ იმ პირობით, რომ ჩვენ არაფერზე თანახმა არ ვართ, რა თქმა უნდა, ასეთი დიალოგი ვერ შედგება. როგორც გავიგე დილის 7 საათზე შეუპარებიათ “ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტში და იქ არიან ახლა გამაგრებულები. არ არის პრობლემა თუ ასე სურთ მუშაობა, რომ დილის 5 საათზე გააღვიძონ თავისი დეპუტატები და სასწრაფო წესით შეყარონ პარლამენტში ან ააგონ ბარიკადები ქალაქში და ან ნაკრძალად გამოაცხადონ სამთავრობო ზონა, იმუშაონ. ჩვენ ახლა შევიკრიბებით და ჩავალთ პარლამენტის შესასვლელთან და იქ გამოვხატავთ პოზიციას. თუ არ წამოვა ხელისუფლება დათმობაზე, ისევ ღამეს გავათენებთ და არ შევუშვებთ. აქედან გამოსავალი არ არის გარდა იმისა, რომ საღი აზრი უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ,”- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.