სკანდალურმა ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომელშიც აღწერილია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ორი ქართველი მოცეკვავე მამაკაცის გადაგვარებული „სიყვარულის“ ისტორია, ქართული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მშობელთა ნაწილი, რომელთა არასრულწლოვანი შვილებიც ფილმში ეპიზოდურ როლებში გადაიღეს, პროკურატურაში საჩივრის შეტანას გეგმავს კიდეც, რის შესახებაც “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა ამას წინათ.
მშობლების განმარტებით, მათი შვილები ფილმში მოტყუებით გადაიღეს. ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობლის განცხადებით: „მოვიდნენ თეატრალურ სტუდიაში ბავშვების წასაყვანად. მოგვატყუეს, გვითხრეს, რომ იყო ქართული ტრადიციული ფილმის გადაღებები. ეჭვსაც ვერ შევიტანდით, რომ ამ ფილმში იყო ასეთი სცენები. ფილმი შარშან გადაიღეს და ბავშვი 10 წლის იყო. ჩემი მეუღლეც ახლდა გადაღებებზე, თუმცა არ იცოდა, რას იღებდნენ. საჩივარი შემაქვს სამართალდამცავ უწყებებში და მოვითხოვ, სრული სიმკაცრით დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მოტყუებით წაიყვანა ბავშვები. ასევე ვითხოვ, ამოიღონ ის კადრები, სადაც არასრულწლოვნები მონაწილეობენ.“
მშობლების თქმით, სტრასბურგში „გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდში“ გადაგზავნილი აქვთ ცნობა იმის შესახებ, რომ ლევან აკინის ფილმში მოტყუებით, მშობლის ნებართვის გარეშე გადაღებულია ათი წლის არასრულწლოვანი. ასევე ოსკარების აკადემიისგან ითხოვენ ბავშვთა ტრეფიკინგის მოტივით ფილმი ამოღებულ იქნას ნომინანტთა სიიდან.
ამ თემასთან დაკავშირებით „ნიუს-ფრონტმა“ კომენტარი სთხოვა ადვოკატებს – მამუკა ნოზაძესა და ლაშა გოლუბიანს. ჩვენ მათ ვკითხეთ, თუ რამდენად აქვს პერსპექტივა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ფილმის გადამღებთა მიმართ, რომლებმაც მოტყუებით მოახერხეს ბავშვების გადაღება, თუნდაც მშობლების თანხმობით, თავიანთ საკამათო ფილმში.
მამუკა ნოზაძე:
“თვითონ ფაქტი მართლაც დასაგმობია, თუ მართლა მოტყუებას ჰქონდა ადგილი და მშობლებმა არ იცოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები რა თემატიკის ფილმში თამაშობდნენ, ეს არის გადამღები ჯგუფისგან ამორალური საქციელი. თუმცა აღნიშნულ ქმედებაში მე ნაკლებად ვხედავ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად პროკურატურაში განცხადებას შეტანას აზრი არ აქვს. მე ვურჩევდი მშობლებს, ფილმის რეჟისორის და შემოქმედებითი ჯგუფის წინააღმდეგ აღეძრათ სამოქალაქო სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო.
სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთა გაჭირდება, ან საერთოდ არ გამოიკვეთება. ერთ-ერთი მშობელი აცხადებს, რომ მისი მეუღლეც ესწრებოდა გადაღებას. ამ შემთხვევაში მშობელს უნდა გამოეჩინა მეტი წინდახედულობა და გაერკვია მათ არასრულწლოვან შვილს რა თემატიკის ფილმში იღებდნენ”.
ლაშა გოლუბიანი:
„გარკვეულწილად დავეთანხმები ჩემი კოლეგის აზრს, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ბავშვების მიმართ არანაირ იძულებას, მუქარას, ძალადობას და შანტაჟს ადგილი არ ქონია, მეტიც – ერთ-ერთი მშობელიც კი ესწრებოდა გადაღებას, რაც შესაძლოა, საგამოძიებო ორგანოებმა ჩათვალონ ისე, თითქოს მშობლებმა იცოდნენ ფილმის თემატიკის შესახებ და ნებაყოფლობით ათამაშეს ბავშვები ამ ფილმში, როდესაც ასეთი პროტესტი და საზოგადოების აღშფოთება დაინახეს მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს საჩივრის შეტანა. არის ლოგიკა ამ თეორიაშიც, მაგრამ ისინი ამტკიცებენ რომ შემოქმედებითმა ჯგუფმა მოატყუა როგორც ბავშვები, ასევე მშობლები, რაც უნდა იყოს სათანადოდ გამოკვლეული. ძალადობა არის ორი სახის – ფსიქოლოგიური და ფიზიკური, მოცემულ შემთხვევაში დასადგენია, ფსიქოლოგიურ ძალადობას ხომ არ ჰქონდა ადგილი.
ბავშვის უფლებათა კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად:
„დაუშვებელია ბავშვის იძულება, წაქეზება, დაყოლიება ან გამოყენება ისეთი სამუშაოს შესასრულებლად ან მისი ისეთი სამუშაოს შესრულებაში ჩაბმა, რომელიც მას ხელსუშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობისთვის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური ან/და სოციალური განვითარებისთვის.“
ამ მიმართულებითაც ჩასატარებელია მთელი რიგი საპროცესო დ ასაგამოძიებო მოქმედებებისა. აუცილებელია გამოკითხულ იქნან მშობლები, თეატრალური სტუდიის ხელმძღვანელები, ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი, თვითონ არასრულწლოვანი ბავშვები და ა.შ.
თუ ბავშვების მიმართ იძულებას ქონდა ადგილი, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ემუხლით. აქედან გამომდინარე, წინასწარ რაიმეს თქმა ნაადრევია. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება.
ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის, სრულიად მიუღებელია მსგავსი ამორალური თემატიკის ქართული ფილმის გადაღება, რომლის ერთადერთი მიზანია უზნეოდა გარყვნილი ქმედება, რაც არის კაცის და კაცის„სიყვარული“, წარმოაჩინოს მიღებულ ფორმად. ყოვლად დაუშვებელია ასევე, ამ ფილმში ბავშვების მონაწილეობა და ქართული ტრადიციული ელემენტების ჩვენება, როგორიცაა ქართული ცეკვა, ჩოხა, სუფრის ტრადიცია და ა. შ.“
საბოლოო ჯამში, ადვოკატები თანხმდებიან იმაში, რომ დასახვეწია კანონმდებლობა, რათა დავიცვათ ბავშვები გარყვნილებისგან და მორალური ზიანი არ მიადგეს მათ.
“ნიუსფრონტისგან”:ვეთანხმებით იურისტების კვალიფიციურ აზრს და ამასთან, მივიჩნევთ, რომ აუცილებელია, მოტყუებულმა მშობლებმა და ბავშვებმა სამოქალაქო დავის აღძვრით მაინც მიაღწიონ სასურველ შედეგს. როგორც ლაშა გოლუბიანმა მიუთითა, ბავშვთა უფლებების კოდექსის 55-ე მუხლი იცავს ბავშვის მორალურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას. სწორედ ბავშვების მორალურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას ადგება საფრთხე იმ ფაქტით, რომ ისინი “გეი-ფილმში” ათამაშეს. მართალია, ეს ფილმი სახელმწიფოს მხრიდან პორნოგრაფიად არ განიხილება და მისი ჩვენება ოფიციალურ კანონმდებლობასთან შესაბამისად მოხდა, მაგრამ მარტო პორნოგრაფია ხომ არ არის ბავშვის უფლებების დარღვევა? საერთოდ, რა გაგვიხდა საკამათო, ძვირფასო თანამემამულენო, ატყობთ, რა დღეში ჩაგვაგდეს?!..