სტალინი თუ მენშევიკები? – ო. ხახაშვილის და ვ. გურულის პოლემიკასთან დაკავშირებით

უკვე მერამდენე წელია გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასთან“ აქტიურად თანამშრომლობს ბელგიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ბატონი ომარ ხახაშვილი. მისი ღრმად შინაარსიანი, უაღრესად საინტერესო სტატიები, წაკითხისთანავე იწვევს მკითხველში მოკრძალებას დიდი ნიჭის, ცოდნის და სტატიებში გაჟღერებული თემების ღრმა ანალიზის მიმართ.

ბატონი ომარის ნებისმიერი სტატია რომ დიდი შრომის, ფიქრის, ჭეშმარიტების ნაყოფია, ეჭვს არ იწვევს მკითხველში, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ალმაცრად უმზერენ მის შემოქმედებას და ცდილობენ დაარწმუნონ საკუთარი თავიც და სხვაც, რომ ეს, ასე არ არის. რა გაეწყობა, ყველას აქვს თავისი შეხედულება, საჯაროდ აზრის გამოთქმის უფლება, რაც ე.წ. დემოკრატიულ საზოგადოებაში მისასალმებელია, თან მეტ ინტერესს იწვევს მათში, ვისაც ბატონი ომარის მორიგი წერილი არ წაუკითხავს. როგორც თვით აღნიშნავს ბატონი ომარი: „ჩემმა წერილმა „ნოეს გზით თუ ილიას გზით“ პოლემიკა გამოიწვია, რაც ცუდი არ არის, რადგან კამათში იბადება ჭეშმარიტება“. ვიდრე მთავარზე გადავიდოდე, მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ომარს საინტერესო სტატიების, ხოლო გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკას“ მათი გამოქვეყნებისთვის. არ შევუდგები სტატიის — „ნოეს გზით თუ ილიას გზით“ განხილვას, ვინაიდან ვინც წაიკითხა უდავოდ ჩაწვდა (სხვაგვარად ვერ წარმოვიდგენ) ნაშრომის მნიშვნელობას, სიღრმისეულობას. ვისაც არ წაუკითხავს, ვურჩევ წაიკითხოს, ვინაიდან ისტორიასთან მოთამაშეებისთვის თვალის ასახელად მისწრებაა, თუმცა იმედი ამისა ნაკლებად მაქვს.

მოვიშველიებ ბატონი ომარის ნათქვამს: „მე აქ პოზიცია არ მაქვს, რადგან ისტორიკოსის ფუნქციას ვასრულებ, პოზიციის ქონა ვახტანგ გურულს ეტყობა, რაც ხელს უშლის მას, ისტორიკოსის ფუნქცია შეასრულოს“.

ვიმედოვნებ, ბატონი ომარის ციტირებას, ბატონი ვახტანგი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, მის წინააღმდეგ გალაშქრებად არ მიიღებს, უბრალოდ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და საქართველოს სსრ-ის ისტორიას მეც ისე ვუყურებ, როგორც ბატონი ომარი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის „შემოქმედება“ — მოჭარბებული პატრიოტიზმითა და ზომაგადასული ისტორიული წივილ-კივილით არის მოწოდებული თანამედროვე საზოგადოებისთვის, რაც ისტორიის გაყალბებას უფრო ჰგავს, ვიდრე სინამდვილის გადმოცემას.

სამწუხაროდ, ლიბერალიზმის ბაცილით დაავადებულთა რაოდენობა დღენიადაგ იზრდება არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც. ნეოლიბერალურმა აზროვნებამ, მით უმეტეს ქმედებამ, ზენიტში აიყვანა საბჭოთა კავშირის ლანძღვა-გინება, ხოლო მისი შემქმნელები — ლენინი და სტალინი, განსაკუთრებით სტალინი, მიწასთან გაასწორა. რუსეთის ტელესივრცეში, ისე, როგორც ბეჭდურ მედიაში სტალინის ხსენების გარეშე დღე არ ჩაივლის, განსაკუთრებით თოქ-შოუებში და ყველგან ნეგატიურად. როგორც ჩანს, სახელმწიფო დონეზე საბჭოთა კავშირი, სტალინი და მისი პოლიტიკა უარყოფითად იხილება, რაც საბოლოო ჯამში თვით რუსეთზე მოქმედებს. ნეოლიბერალური ძალები ენერგიას არ იშურებენ საკუთარი ქვეყნის ისტორიის განქიქება-ლანძღვისთვის. მცირე შანსსაც არ უშვებენ ხელიდან საზოგადოებას სხვა კუთხით, ცხადია ცუდით, დაანახონ 70-წლიანი საბჭოთა ისტორია, დიდი სამამულო ომი; დაბეჯითებით ამტკიცებენ დაუმტკიცებელს, რომ არა ბოლშევიკური საბჭოეთი, მეორე მსოფლიო ომს ადგილი არ ექნებოდაო.

ანტისაბჭოური, ანტისტალინური წიგნებით, რომანებით, კინოფილმებით გაჯერდა რუსეთის წიგნის, კინემატოგრაფიის ბაზარი. დასავლეთზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. დასავლური შეკვეთით და დაფინანსებით მრავალი რუსი „მწერალი“ ითბობს ხელს და სტამბავს „წიგნებს“ დიდ სამამულო ომთან დაკავშირებით. ყველას ჩამოთვლას სტატია ვერ დაიტევს. ვიტყვი ერთზე, ვინმე სუვოროვზე, რომლის ყველა „ისტორიული რომანი“ სტალინის და საბჭოეთის ლანძღვა-გინებით იწყება და თავდება. ავტორის მტკიცებით, სამამულო ომი სტალინმა გააჩაღა და არა ჰიტლერმა, რომელიც იძულებული იყო გამოპასუხებოდა მას. სტალინმა ომში ჩაითრია ჰიტლერი. ქართველი მკითხველისთვის „ჩათრევა“ ცნობილი სიტყვაა, ვინაიდან მას ხშირად ხმარობენ ნაცები, როდესაც 2008 წლის ცხინვალის ომს ეხებიან — რუსეთმა ჩაითრია სააკაშვილი ავანტიურაში. მავანი იტყვის — მერე რა, ასეთ ლიტერატურას წაიკითხავენ და გვერდზე გადადებენ, ჭეშმარიტება კი სამარადისოდ დარჩებაო. ვერ დავეთანხმები, ვინაიდან რეალობა სხვას ღაღადებს. კარგა ხნის წინათ ერთი ყმაწვილი „დიპლომატი“ მედავებოდა — წიგნი წავიკითხე, სადაც დაზუსტებით წერია, როგორ დაიწყო სტალინმა ომიო. მას სუვოროვის „შედევრი“ ჰქონდა მხედველობაში. რუსეთის ხელისუფალთა მიერ წლების განმავლობაში წარმოებულმა თვითგვემამ, საბჭოთა კავშირის, სტალინის გინებამ, რეპრესირებულთა მემორიალების მასობრივმა წამოჭიმვამ, საბჭოურის ზერელედ, კრიტიკით მოხსენიებამ, მადა გაუღვივა კოლექტიურ დასავლეთს, რომელიც დაჟინებით და კატეგორიულად ითხოვს ფაშიზმისა და კომუნიზმის ერთ სიბრტყეზე დაყენებას. ჩვეულებრივად იქცა წითელი არმიის მიერ გათავისუფლებული აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიებზე აღმართული საბჭოთა ჯარისკაცებისა და სახელოვანი მხედარმთავრების ძეგლების მასობრივი დემონტაჟი, საფლავების წაბილწვა, საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვა, ფაშიზმის აღორძინება, საბჭოთა ვეტერანი მეომრების გვერდით, ფაშისტი ვეტერანების მოხსენიება, მათთვის პატივის მიგება, „ახალი“ ფაშისტების ჩირაღდნიანი მარშები, მეორე მსოფლიო ომის დამნაშავე ფაშისტების გმირებად შერაცხვა, მათთვის ძეგლების დადგმა, ქუჩებისა და მოედნებისთვის ფაშისტების სახელების დარქმევა და სხვა მრავალი. ამ ამორალურობაში პირველობას უკრაინა იჩემებს — ქვეყანა, რომელმაც ოკუპაციის მძიმე პერიოდი განვლო და გერმანული ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მილიონობით მსხვერპლი გაიღო. ყოფილ საბჭოთა უკრაინაში ფაშისტები — ბანდერა, შუხევიჩი, სხვები არიან გაფეტიშებული, ხოლო სამამულო ომის გმირები — მტრებად, ოკუპანტებად შერაცხული. რას მივაწეროთ ყოველივე თუ არა რუსეთის ხელისუფალთა ხრუშჩოვის, გორბაჩოვის, ელცინის, იაკოვლევის, სხვების საბჭოეთისა და მის ლიდერთა გამუდმებულ კრიტიკას.

გასულ 7 ნოემბერს რუსეთმა, მოსკოვში, წითელ მოედანზე აღნიშნა 1941 წლის სამხედრო პარადი — ლეგენდარული, ისტორიული მოვლენა არა მარტო საბჭოეთის ცხოვრებაში, რითაც იმჟამინდელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. პარადმა დაანახა ყველას, როგორც შიგნით, ისე გარეთ, რომ საბჭოეთის ძლიერება, სულიერი სიმტკიცე, საბრძოლო შემართება ურყევია. არადა თოვლით დაბურულ, გაყინულ მოსკოვში, იმედდაკარგულ მოსკოველებსა და საბჭოეთის ხალხებში სამხედრო პარადის ჩატარება უტოპიად მიიჩნეოდა. მაშინ ფაშისტური გერმანიის ორმილიონიანი არმია სამი მხრიდან უტევდა მოსკოვს — ათასობით თვითმფრინავითა და ტანკით, სამხედრო ტექნიკით. საბჭოთა მმართველობის ორგანოები გახიზნული იყო მოსკოვიდან, ისე, როგორც რევოლუციის ბელადის ლენინის ნეშთი. სტალინსაც წასვლას ურჩევდნენ, თუმცა ამაოდ. სტალინს სხვა გეგმა ჰქონდა — სამხედრო პარადი. ლენინის მაუზოლეუმზე სტალინის, სხვა საბჭოთა ხელმძღვანელების გამოჩენამ იმედი შესძინა, როგორც წითელ არმიას, ისე საბჭოთა ხალხს. ამ პარადიდან დაიწყო მტრის შეტევის მოგერიება, ტრიუმფალური სვლა ბერლინამდე. დასავლური პროპაგანდით დატყვევებული ყოფილი საბჭოელები, დიდი სამამულო ომის გმირების შვილები და შვილიშვილები, ნაკლებად გათვითცნობიერებული ისტორიაში, ქარაფშუტულად აცხადებდნენ — ნეტავ წაეგო საბჭოთა კავშირს, „მერსედესებით“ ვივლიდით და ბავარიულ ლუდს მივირთმევდითო. ესოდენ სანუკვარი ოცნება სულაც არ შედიოდა გერმანული ფაშიზმის გეგმებში. რაც შედიოდა — რუსეთის, უკრაინის, სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობის გამოხშირვა და დარჩენილთა კატორღულ სამუშაოებზე გამწესება იყო. თანამედროვე რუსეთმა ლეგენდარული სამხედრო პარადი გაიხსენა და თეატრალური სპექტაკლიც დადგა წითელ მოედანზე — პატრიოტული ლოზუნგებიით, იმჟამინდელი ვითარების გახსენებით, ოღონდ უსტალინოდ. ტელეკომპანიებს, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ ლეგენდარული პარადის იმიტაციას, ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ პარადის იდეის ავტორსა და სულისჩამდგმელ სტალინზე, თითქოს პარადი ხალხმა მოიგონა. თუ სამამულო ომი ხალხმა მოიგო, რა არის გასაკვირი, რომ 1941 წლის 7 ნოემბრის პარადი ხალხს ჩაეტარებინა?

რა ხანია, რუსეთს და მსოფლიოს კრემლიდან თავს ახვევენ მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვებას ანუ გამარჯვებას მეთაურის გარეშე, რაც მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა, რამეთუ მხედართმთავრის გარეშე არც ერთი ომი გამარჯვებით არ დამთავრებულა. არათუ ომში, არამედ სპორტულ შეჯიბრებაში, ნებისმიერ დარგში, კოსმოსშიც კი, სადაც ორი კოსმონავტიდან ერთი მეთაურია — ულიდერო გამოსვლა შეუძლებელია. ნეოლიბერალთა წყალობით სტალინი რეპრესიების მამად არის მიჩნეული და ამის წინააღმდეგ ომახიანად არავინ იღებს ხმას, თუ იღებს, ისე დარცხვენით და შიშით, თითქოს კაცის კვლაში ადანაშაულებდნენ. დიახ! იყო რეპრესიები, მაგრამ ნამდვილი ისტორიკოსების და ექსპერტების მტკიცებით, რომ არ ყოფილიყო — სამამულო ომის მოგება შეუძლებელი იქნებოდა, ვინაიდან შემორჩენილი ტროცკისტები, ბოლშევიკთა კლასობრივი მტრები — ვლასოვები, ტუხაჩევსკები, სხვები ზურგში ლახვარს ჩასცემდნენ ხელისუფლებას, ქვეყანას. იყო თუ არა რეპრესიების თვალსაზრისით იმჟამინდელი საბჭოთა კავშირი გამორჩეული? გადახედეთ გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, იაპონიის, სხვების იმჟამინდელ ისტორიას და დარწმუნდებით საწინააღმდეგოში. რაც შეეხება რეპრესიების მსხვერპლთა რაოდენობას — გაცილებით ნაკლებია, ლიბერალთა მიერ გაჟღერებულ რაოდენობაზე და არაფრით აჭარბებს სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაგალითებს.

ცხადია, ნებისმიერი ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევა ტრაგედიაა, მაგრამ რა გაეწყობა, მაშინდელ მსოფლიოში სხვაგვარად აღიქმებოდა ყოველივე. იმ ეპოქას სხვა კრიტერიუმები ჰქონდა და დღევანდელი გადასახედიდან მათი შეფასება, იმჟამინდელი ცხოვრების პარამეტრების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. არანაკლები სისხლი დაიღვარა ჩინეთში მაო ძედუნის კულტურული რევოლუციის დროს. მაშინ მასობრივ გადასახლებებსაც ჰქონდა ადგილი. მაგალითად, ჩინეთის კომპარტიის გამორჩეული მუშაკი, დენ სიაოპინი, შემდგომში ჩინეთის მეთაური, პეკინიდან შორს, მივარდნილ სოფელში გაასახლეს — მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესასრულებლად. მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, ჩინეთის კომპარტიამ, ქვეყნის ხელმძღვანელობამ მაო ძედუნის მოღვაწეობა დადებითად (70%) შეაფასა, შეცდომები (30%) კი დაგმო. მაო ძედუნის უზარმაზარი პორტრეტი ამშვენებს ქვეყნის დედაქალაქის მთავარ მოედანს. მაო ძედუნის კრიტიკა, მისი ეპოქის ლანძღვა-გინება მიუღებელია. ჩინეთი ახალ ქვეყანას აშენებს, ძველის კრიტიკის გარეშე. ის წინ იყურება და არა უკან. საქართველოში, ისე, როგორც რუსეთის ლიბერალებში, სტალინის ხსენება დადებით კონტექსტში მიუღებელია და თუ ვინმე ახსენებს, უმალ შეეპასუხებიან — სტალინი საბჭოთა კავშირის მეთაური იყო და მას საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებიაო. ურწმუნო, ანტისტალინისტების დარწმუნება საწინააღმდეგოში, შეუძლებელია, მაგრამ თუ ვინმეს მოუნდება სტალინის მიერ გაკეთებული საქმეების გაცნობა, ვურჩევ წაიკითხოს გრიგოლ ონიანის მიერ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“ გამოქვეყნებული მასალები, რომლებშიც ზედმიწევნით ზუსტად არის ჩამოთვლილი სტალინის ღვაწლის თაობაზე. ჩემის მხრივ დავამატებ — რომ არა სტალინი, არ მოხდებოდა დაქუცმაცებული საქართველოს გაერთიანება; მის შემადგენლობაში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შეყვანა; საქართველოს ფარგლებში აჭარის განმტკიცება. უდავოდ შემედავებიან — მაშ, ეროვნულმა ხელისუფლებამ რა გააკეთაო? დავესესხები ისევ გრიგოლ ონიანს, რომელმაც სულ ახლახანს გამოაქვეყნა მენშევიკური ხელისუფლების პერიოდის ქართველი მწერლის რევაზ გაბაშვილის წიგნიდან „რაც მახსოვს“ ნაწყვეტები: „სოციალიზმსა და რევოლუციაზე შეშლილი საქართველოს მთავრობა, სრულიად უგულებელყოფდა ეროვნულ საკითხებს და ძალად იწვევდა რევოლუციას, როცა არავინ წინააღმდეგობას არ უწევდა. მათი ენერგია იხარჯებოდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბების წინააღმდეგ და ესეთი დამანგრეველი, მძარცველური სულისკვეთება შერჩათ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც — ბოლომდე. რევოლუციონური კი არა, ჩვენდა სამარცხვინოდ, ყაჩაღურ-რევოლუციონური ფსიქოზი არასოდეს განელებიათ“. ბატონი ომარ ხახაშვილი ლოგიკურად, ფაქტებზე დაყრდნობით უხსნის საზოგადოებას რა განსაცდელში ჩააგდო ქვეყანა ილიას გზიდან გადახვევამ. ჩემის მხრივ დავამატებ, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის დუმებში საჩხვლეტ სადგისად გამოყენებული საქართველო, უკომპასო ნავივით დაფარფატებს ბობოქარ პოლიტიკურ ოკეანეში და იმავე დასავლეთის შიშით, მოახლოებული რუსული გემის საშველად გამოწვდილ ხელს, ლანძღვით ეგებება, რაც ქვეყნის პოლიტიკის საზრიანობაზე სულაც არ მეტყველებს.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი – დიპლომატი, საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2004 წწ.), პოლიტოლოგი

წყარო: “ისარი