იმის მიუხედავად, რომ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, ოპოზიცია მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად არის. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ მთავრობის და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მართველი გუნდი შეხვედრაზე მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ მოქალაქეების, ოპოზიციის და სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან სტრესს გრძნობდა. მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ კატეგორიული უარი თქვა იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელმაც ოპოზიციამ მოამზადა და 150-მა პარტიამ მოაწერა ხელი.
თუმცა ოპოზიცია მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
„ჩვენ დავადასტურეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, თუ ამას მოინდომებენ ჩვენი მედიატორები და სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით. არ მივცემთ არასოდეს ე.წ. „ქართულ ოცნებას“ და მართველ გუნდს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია არ არის მზად საუბრისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია საპროტესტო აქციებს განაგრძობს.
სასტუმრო „ბილტმორში“ „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა. მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.
მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.