მოძრაობის „გაბედე“ წევრებმა საქალაქო სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქტივისტებმა სასამართლოს ეზოში და მის გარეთ ლობიო დათესეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ვინაიდან „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ლობიოს ჰაერში აყრის გამო დააკავეს, სიმბოლურად სწორედ ამიტომ თესავენ საქალაქო სასამართლოს ეზოში ლობიოს“.
ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული.
დღესვე „ქართული ოცნების“ ოფისთან უფლებადამცველთა ასოციაციის ორგანიზებით აქცია ჩატარდა. შეკრებილებმა „ლეიბორისტული“ პარტიის წევრის ლაშა ჩხარტიშვილის რვადღიანი პატიმრობა გააპროტესტეს.
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავებულ ლაშა ჩხარტიშვილს რვადღიანი პატიმრობა 29 ნოემბერს შეეფარდა.
სამართალდამცველებმა ჩხარტიშვილი და კიდევ 5 ადამიანი 29 ნოემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დააკავეს, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კონფერენციას ესწრებოდა.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს.