საზარელი მკვლელობიდან დღეს ორი წელი გავიდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამის ზაზა სარალიძის განცხადებით, საქმეზე კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია. სარალიძის თქმით, მისი შვილის მკვლელი ამ დრომდე გამოვლენილი არ არის.

„გასაგებია, რომ პასუხისგებაშია მიცემული ადამიანი, რომელზეც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ მთავარი, გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის სასამართლოს. დაველოდოთ სასამართლოს პასუხს. რა კითხვებიც უნდა დასმულიყო პირველი გამოძიების ეტაპზე, პროკურორების მხრიდან, სასამართლო პროცესებზე, ზუსტად ის კითხვები ისმის ახალი პროკურორების მხრიდან.

ამ საქმეში ძალიან ბევრს აქვს ბრალი წარსადგენი, თუნდაც სამოხელეო ნაწილში. ეს ხელისუფლება აუცილებლად წავა, თუ აღნიშნული საქმე ბოლომდე არ იქნება მიყვანილი“ , – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მკვლელობიდან დღეს ორი წელი გავიდა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.