“თუ დადგა პატიმრობა, ეს იქნება ნათელი დადასტურება იმისა, რომ ივანიშვილი აგონიაშია და პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერს,” – ამ განცხადებით, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ნიკა მელიას სასამართლო სხდომას გამოეხმაურა.
უგულავას შეფასებით, დღეს სასამართლო ბიძინა ივანიშვილის ხელშია და პირდაპირ ასრულებს მის დაკვეთას.
“ეს საქმე ეხებოდა პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის ქონებას. მას სახელმწიფოსთან და ზარალის მიყენებასთან არაფერი საქმე არ აქვს. მეტსაც გეტყვით, მელიას შეიძლება თეორიულად მოედავო მაგ საქმეში, ივანიშვილს, როგორც სააღსრულებლოს უფროსმა, რატომ დაუბრუნა ჯარიმით ამოღებული ფული. აქედან გამომდინარე ეს თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური საქმე. ივანიშვილმა იმ დღეს დააანონსა, რომ ხალხს გაუშვებს ციხეში. თუ ოდნავ ჯანსაღი აზრის ფარგლებში არის მთავრობა, ამ სისულელეს არ იზამს. ყოველი ასეთი დაჭერა დააჩქარებს ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებას. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ სასამართლო საბოლოოდ გაფორმდა, რომ არის ივანიშვილის ხელში. რასაც უნდა იმას იზამს, მკვდარს ცოცხლად გამოაცხადებს და ზებრას ვირად,” – აღნიშნა გიგი უგულავამ.
ბანკი “ქართუს” გაკოტრებისა და 20 ივნისის აქციის საქმეებზე დღეს სასამართლომ ნიკა მელიას განაჩენი უნდა გამოაცხადოს.
2 სხვადასხვა პროცესი ერთმანეთის პარალელურად ნახევარსაათიანი შუალედით დაინიშნა.
“ქართუს” გაკოტრების საქმეზე მელიას გამოძიება იმ ეპიზოდს ედავება, როდესაც ნიკა მელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი იყო. მას ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ხოლო მეორე საქმე, რომელიც 20 ივნისის აქციას ეხება, სასამართლო მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.
პროცესებს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები დაესწრებიან